იტალიის პატარა სოფელმა ვარენამ, რომელიც კომოს ტბასთან მდებარეობს, ტურისტების ნაკადის შესამცირებლად ახალი შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.
ევროპის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივი ტურიზმით გამოწვეული პრობლემების გამო უფრო მკაცრი წესების შემოღებას ითხოვს. ამ ტენდენციას შეუერთდა ვარენაც, სადაც მხოლოდ 650 ადამიანი ცხოვრობს.
ახალი წესების თანახმად, პლაჟის გარეთ და ისტორიულ ადგილებში საცურაო კოსტიუმით ან მაისურის გარეშე გადაადგილება აკრძალულია. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ტურისტებს დაახლოებით 190 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ვარენა ერთადერთი ადგილი არ არის, რომელმაც მსგავსი ზომები მიიღო. იტალიის ქალაქ სორენტოში და ამალფის სანაპიროს სხვა კურორტებზეც მოქმედებს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ქალაქში მაისურის გარეშე ან საცურაო კოსტიუმით გადაადგილებისთვის სამართალდამცველებს შეუძლიათ დამრღვევი გააჩერონ და ჯარიმა გამოუწერონ.
მსგავსი შეზღუდვები მიზნად ისახავს ისტორიული დასახლებების კულტურული გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყოველდღიური კომფორტის შენარჩუნებას ტურისტული სეზონის პიკის პერიოდში.