საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრაში კანადა დიდი ანგარიშით 54:22 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა დიდებულ სტილში მოუგეს საკმაოდ ძლიერ მეტოქეს და კიდევ უფრო გაიმყარეს საკუთარი იმიჯი მსოფლიო რაგბის ოჯახში. ამის დასტური უკვე მომდევნო ტესტ-მატჩია. ერთი კვირის თავზე ჩვენები არც მეტი არც ნაკლები სტუმრად ერთ-ერთ უძლიერეს უელსის ნაკრებთან ითამაშებენ, თანაც ბრიტანელები მათთვის საამაყო ყოფილ „მილენიუმზე“ გვიმასპინძლებენ, რაც ჩვენდამი პატივისცემის გამოხატულებაა.
მოკლედ, ჩვენი რაგბისტები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან და აგრძელებენ ქართველი ხალხის გახარებას.
ბორჯღალოსნებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეორე წუთზე სოსო მათიაშვილმა კანადელები დალელოვა, გარდასახვა თავადვე ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები 7:0 დააწინაურა.
კანადამ მერვე წუთზე ჯარიმით უპასუხა და ანგარიში 7:3 გახადა. თუმცა სოსო მათაიშვილის ჯარიმით საქართველომ კვლავ შვიდქულიანი უპირატესობა დაიბრუნა – 10:3. მათიაშვილმა მატჩის მეთხუთმეტე წუთზე მეცამეტე ქულა მიითვალა – 13:3. 26-ე წუთზე კი მანვე მორიგი ჯარიმა ზუსტად შეასრულა – 16:3.
30-ე წუთზე კანადელებმა საქართველოს ნახევარზე ორი სახიფათო მომენტი შექმნეს და ლელოს დადებაც შეეძლოთ, თუმცა ჩვენებმა ზუსტად ითამაშეს და მეტოქეს ლელოს დადების საშუალება არ მისცეს.
36-ე წუთზე კი კანადელებმა საქართველო მაინც დაალელოვეს, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენეს და ანგარიში შეამცირეს – 16:8.
ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა დერეფნიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ მოლი შეკრეს და გიორგი ნემსაძემ ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში 23:8 დააფიქსირა.
მეორე ტაიმი კვლავ ქართველ მორაგბეთა უპირატესობით დაიწყო და 45-ე წუთზე ისევ და ისევ სოსო მათიაშვილმა კანადელთა კარში მორიგი ჯარიმა გაიტანა – 26:8.
52-ე წუთზე საქართველომ მორიგი ლელო გაიტანა. ლევან ჩილაჩავას ხუთ ქულას მათიაშვილმა ზუსტი გარდასახვით უპასუხა და ანგარიში 33:8 გახადა.
ბორჯღალოსნების ლელოს კანადელებმა 56-ე წუთზე ლელოთივე უპასუხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 33:15 გახადეს.
58-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შესანიშნავად ჩაჭრა კანადელთა დარტყმული ბურთი და მორიგი ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა კვლავ მარტივად გაიტანა – 40:15.
მესამოცე წუთზე კი კანადელებმა კვლავ მოახერხეს ანგარიშის შემცირება, საქართველო დაალელოვეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს – 40:22.
70-ე წუთზე კი სოსო მათიაშვილი წინ გაგდებულ ბურთს დაეწია, შესანიშნავი ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა – 47:22.
მატჩის მიწურულს კი ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 54:22 დააფიქსირეს. ლელო კახა ასიეშვილის ანგარიშზეა, ხოლო გარდასახვა სოსო მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა.
https://www.youtube.com/watch?v=82wIAjLcmuM