პოლონეთში დააკავეს 22 წლის კაცი, რომელმაც თავი მანეკენად გაასაღა და რამდენიმე მაღაზია გაქურდა. Fakt-ის ინფორმაციით, შემთხვევა ვარშავის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში მოხდა.
პოლიცია დაცვამ გამოიძახა მას შემდეგ, რაც სათვალთვალო კამერებში მოსეირნე ახალგაზრდა შეამჩნიეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სავაჭრო ცენტრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ქურდი ჩანთებით ხელში ერთ-ერთ ვიტრინაში დადგა და იქამდე იყო გაუნძრევლად, სანამ ყველა მომხმარებელი არ წავიდა და მაღაზიები არ დაკეტეს. მის მანეკენობაში ეჭვიც არავის შეუტანია.
როდესაც სავაჭრო სივრცე დაცარიელდა, პოლონელი პირველ რიგში საიუველირო მაღაზიისკენ გაემართა და სტენდები დააცარიელა. შემდეგ ის ბარში წავიდა და წაიხემსა. კარგად ნაჭამ-ნასვამი სხვა მაღაზიების დასათვალიერებლად გაემართა, ტანსაცმლის ბუტიკში შევიდა და ახალ ტანსაცმელში გამოეწყო. სწორედ ამ მომენტში შეამჩნიეს ის სათვალთვალო კამერებში.
გამოპრანჭული ქურდი ისევ ბარისკენ წავიდა და პოლიციამ ის სწორედ იქ აიყვანა.
ახალგაზრდას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა დიდად სავარაუდოა, რომ ციხეში 10 წლის გატარება მოუწიოს.