დიდ ბრიტანეთში მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში უშუქოდ იყო და ამის შემდეგ მიიღო ჩეკი, რომელზეც ასტრონომიული თანხა იყო დატანილი.
გამოცემა LADbible-ის ინფორმაციით, ინციდენტი 2021 წლის ნოემბერში, იორკშირის საგრაფოში მოხდა. ძლიერი სტიქიის გამო ადგილობრივები რამდენიმე დღე ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. მოგვიანებით ეროვნულმა ენერგო-კომპანიამ კლიენტებს ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გაუგზავნა.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა Twitter-ზე ჩეკის ფოტო გაავრცელა. დოკუმენტში ეწერა, რომ კომპანია მზად იყო მისთვის 2 ტრილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადაეხადა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასეთივე კომპენსაცია კიდევ 74-მა ადამიანმა მიიღო. სინამდვილეში კი ეს დიდი შეცდომა იყო. ხარვეზი იმიტომ მოხდა, რომ კომპანიის თანამშრომელმა თანხის გრაფაში შემთხვევით მრიცხველის სარეგისტრაციო ნომერი შეიყვანა.
ენერგო მომმარაგებელმა ბოდიში უკვე მოიხადა და პირობა დადო, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა ადამიანი გასწორებულ ჩეკს უახლოეს მომავალში მიიღებს.