2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეხუთე ტურის მატჩის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს, სარაგბო თემში, ისევ გაურკვეველი სიტუაციაა. ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრები, ვეტერანი, ლეგენდარული მორაგბეები და მხარდამჭერები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ და მას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისინი ღიად აცხადებენ, რომ ირაკლი აბუსერიძე ლეგიტიმურად არის არჩეული რაგბის კავშირის პრეზიდენტად და რამდენიმე პოლიტიკოსი, ასევე ქართულ რაგბიში არსებული დესტრუქციული ძალები ხელოვნურად არეულობის შემოტანას ცდილობენ. აბუსერიძის გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ამ დაჯგუფებას არა რაგბის პროგრესი, არამედ საკუთარი პრივილეგიები და ძალაუფლება აინტერესებთ.
აქციის პარალელურად, საჯარო რეესტრი ონლაინ ფორმატში ბაჩო ხურციძის საჩივარს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დარეგისტრირდა. ბაჩო ხურციძემ და მისი გუნდის წევრებმა შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, ბაჩო ხურციძემ ბოიკოტის ფორმა, უკვე მესამედ გამოიყენა. ჯერ, მან 24 თებერვლის არჩევნები გააპროტესტა, შემდეგ 30 დეკემბრის არჩევნებზე არ გამოცხადდა.
იუსტიციის სახლთან შეკრებილები აღნიშნავდნენ, რომ დაუშვებელია სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კერძო ინსტიტუტებზე ზეწოლა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თავად ირაკლი აბუსერიძემ გააკეთა.
„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ და განვმარტეთ, რომ ბაჩო ხურციძის მხარეს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნია. იმედი მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. სიმართლე და კანონი ჩვენს მხარესაა”, – ამბობს ირაკლი აბუსერიძე.
შეგახსენებთ, 10 თვიანი უძრაობის შემდეგ, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო ყრილობა 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო, 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ.
გეტყვით იმასაც, რომ თუ საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობას არ დაადასტურებს, რაგბის კავშირის მორიგი საარჩევნო ყრილობა 24 თებერვალს გაიმართება.