კომპანია Kia-მ წარადგინა ახალი თაობის სრული ზომის კროსოვერი Telluride, რომლის ოფიციალური დებიუტი 21 ნოემბერს ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე გაიმართება.
ახალი მოდელი გარეგნულად საგრძნობლად შეიცვალა და ახლა უფრო მეტად ჰგავს Kia-ს დიდ ელექტრო კროსოვერს – EV9-ს. წინა თაობასთან შედარებით, Telluride გახდა უფრო გლუვი, მიიღო დაფარული კარის სახელურები და გარკვეულწილად თანამედროვე Range Rover-ს დაემსგავსა.
კროსოვერი წარმოდგენილი იქნება ორ ვერსიად:
X-Pro – უფრო აგრესიული წინა ნაწილითა და ბადეებივით ფორმირებული რადიატორით;
სტანდარტული ვერსია – Kia-სთვის დამახასიათებელი კლასიკური დიზაინით.
ინტერიერიც განახლდა. ახლა სალონში ორი 12.3-დიუმიანი ეკრანია – ერთი ციფრული პანელი, მეორე კი მულტიმედიური სისტემა.
წინა თაობის მოდელს მხოლოდ ერთი ცენტრალური ეკრანი და ანალოგიური მანიშნებლები ჰქონდა.
ახალი Telluride-ის სალონი სტილისტურად ახალ Hyundai Palisade-ს ჰგავს, რომელიც იგივე პლატფორმაზეა აგებული.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები ჯერ უცნობია, დიდი ალბათობით ახალი Kia Telluride აღიჭურვება 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 291 ცხენის ძალა იქნება.
მოსალოდნელია, რომ ჰიბრიდული ვერსიაც გამოვა, თუმცა ელექტრული მოდელის შექმნა არ იგეგმება, რადგან ეს სეგმენტი უკვე შევსებულია Kia EV9-ით. აღსანიშნავია, რომ პირველი თაობის Kia Telluride 2019 წელს იყო წარმოდგენილი.