ამიერიდან კოლოსეუმის ბილეთები სახელობითი გახდება. ეს ნიშნავს, რომ კომპლექსის მონახულება მხოლოდ დამოუკიდებლად შეძენილი ბილეთით იქნება შესაძლებელი. Wanted in rome-ის ინფორმაციით, ახალი ბილეთით კოლოსეუმთან ერთად რომის ფორუმის და ნერონის „ოქროს სახლის“ მონახულებაც იქნება შესაძლებელი.
კოლოსეუმის დირექციამ სწორედ ამ გზით გადაწყვიტა ბრძოლა გადამყიდველებთან, რომლებიც თითქმის ყველა ბილეთს ყიდულობენ და ტურისტებზე გაზრდილი ფასებით ყიდიან. სპეკულანტების დიდი აქტიურობის გამო სალაროში ბილეთები თითქმის არასდროს რჩება.
ამიერიდან კი მათი შეძენა მხოლოდ კოლოსეუმის ოფიციალურ საიტზე, ქოლ-ცენტრში ან სალაროში იქნება შესაძლებელი. ბილეთების ნაწილს ტურ-ოპერატორებისთვის დაჯავშნიან.
ტურისტების აუარებელი ნაკადის გამო რომში გარკვეულ შეზღუდვებს სხვა ღირსშესანიშნაობებიც აწესებენ. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ტრევის შადრევანთან ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება სურთ.