ფიფას პრიზის The Best-ის მფლობელმა რობერტ ლევანდოვსკიმ პირველ ადგილზე ტიაგო ალკანტარა დააყენა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ „ბაიერნში“ თამაშობდა. მეორე ადგილზე ნეიმარი დაასახელა, ხოლო მესამეზე კევინ დე ბრუინი.
კრიშტიანო რონალდომ საუკეთესო ფეხბურთელად ლევანდოვსკი დაასახელა, მეორეზე მესი დააყენა და მესამეზე კილიან მბაპე. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანომ სამეულში მესი პირველად დაასახელა. აქამდე პორტუგალიელს არგენტინელი არასოდეს არ დაუსახელებია არცერთ გამოკითხვაში.
თავის მხრივ მესი საუკეთესოდ ნეიმარს მიიჩნევს. მეორე ადგილზე მბაპე გაიყვანა, მესამეზე კი ლევანდოვსკი. როგორც ხედავთ, არც ლეომ დაასახელა კრიშტიანო სამეულში.
The Best-ის ათეული კი ასეთია:
1. რობერტ ლევანდოვსკი («ბაიერნი») – 52;
2. კრიშტიანო რონალდო («იუვენტუსი») – 38;
3. ლიონელ მესი («ბარსელონა») – 35;
4. სადიო მანე («ლივერპული») – 29;
5. კევინ დე ბრიუინი («მანჩესტერ სიტი») – 26;
6. მოჰამედ სალაჰი («ლივერპული») – 25;
7. კილიან მბაპე («პსჟ») – 19;
8. ტიაგო ალკანტარა («ლივერპული») – 17;
9. ნეიმარი («პსჟ») – 16;
10. ვირხილ ვან დეიკი («ლივერპული») – 13.
ლევანდოვსკი წლის ფეხბურთელია, ვინ მოიგო სხვა ნომინაციები და როგორია წლის გუნდი
რაც შეეხება მწვრთნელებს. „რეალის“ ფეხბურთელებმა სერხიო რამოსმა და ედენ აზარმა პირველ ადგილზე თავიანთი გუნდის დამრიგებელი ზინედინ ზიდანი დაასახელეს, ლუკა მოდრიჩმა კი მეორე ადგილი მიაკუთვნა ფლიკის შემდეგ.
გარეთ ბეილმა კი ფრანგი სამეულში არც შეიყვანა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. უელსელის რჩეულები ფლიკი, კლოპი და ლოპეტეგი არიან.
ზიდანი კი „წლის მწვრთნელის“ ნომინაციაში სამეულში ვერც მოხვდა.