LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსმა დაიწყო ყოველწლიური პროგრამა „საშობაო სოფელი“, რათა ტურისტები ზამთარშიც მოიზიდოს

122
image_2025-12-23_025903228

კვიპროსში სადღესასწაულო ბაზრობები რვა სოფელში გახსნეს, ადგილებში რომლებიც კუნძულის მაღალმთიან რეგიონებში მდებარეობს.

კვიპროსში ჩამოსული ტურისტები, როგორც წესი, იშვიათად ინტერესდებიან ზღვის გარდა სხვა რამით – კუნძული ძირითადად საკურორტო მიმართულებად ითვლება. თუმცა კვიპროსის მთიან ნაწილში არსებული პატარა ქალაქები და სოფლები თავისებურად საინტერესო და ლამაზია. სწორედ იმისთვის, რომ ტურისტებმა მათ შესახებ მეტი შეიტყონ, ქვეყანაში ამოქმედდა პროგრამა „საშობაო სოფლები“, რომელიც ყოველწლიური გახდება.

მიმდინარე წელს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა რვა სოფელი. იქ გაიხსნა ხისგან დამზადებული ჯიხურები, სადაც იყიდება გლინტვეინი, ძეხვეული და საშობაო სუვენირები, თუმცა ამასთან ერთად თითოეული სოფელი სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ, ადგილობრივ ხელნაკეთ პროდუქტებს.

მაგალითად, სოფელ აგროსში არა მხოლოდ ყიდიან ვარდის ზეთს, არამედ აჩვენებენ მისი დისტილაციის პროცესსაც; ლეფკარაში სტუმრებს აცნობენ ცნობილი ლეფკარის მაქმანების ქსოვისა და ვერცხლის ჭედვის ტრადიციებს. დირინეია, რომელიც კვიპროსში მარწყვის მთავარი მწარმოებელია, სთავაზობს მარწყვის მურაბას, ხოლო კიპერუნტა – ადგილობრივ ღვინოსა და ზეთისხილს.

კვიპროსის ტურიზმის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სოფლები ბევრად მეტს გვთავაზობენ, ვიდრე მხოლოდ საშობაო გართობას. სოფლების უმეტესობის სიახლოვეს იწყება საფეხმავლო ბილიკები და ველომარშრუტები, ასევე მდებარეობს IX საუკუნეში აშენებული ეკლესიები ფრესკებით, რომლებიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

კვიპროსში იმედოვნებენ, რომ საშობაო განწყობით მოხიბლული ტურისტები ზაფხულშიც დაბრუნდებიან ამ მთიან რეგიონებში. პროგრამის კიდევ ერთი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაა, რომლებიც ტრადიციული რეწვითა და ხელობით არიან დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები