LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: გასახდომი ინიექციების შეწყვეტის შემდეგ დაკარგული წონა ოთხჯერ უფრო სწრაფად ბრუნდება

119
e7a631e0-eb13-11f0-992c-75363ad17690.jpg

გასახდომი ინიექციების გამოყენება მოკლე პერიოდში ეფექტურ შედეგს იძლევა, თუმცა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ წონის დაბრუნება მნიშვნელოვნად სწრაფად ხდება, ვიდრე დიეტის ან ფიზიკური აქტივობის შეწყვეტის შემთხვევაში – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები.

როგორც British Medical Journal-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, ინიექციების დახმარებით ჭარბწონიანი ადამიანები საშუალოდ სხეულის წონის დაახლოებით 20 პროცენტს იკლებენ. თუმცა პრეპარატის მიღების დასრულების შემდეგ, მათ ორგანიზმში წონა თვეში დაახლოებით 0,8 კილოგრამით იმატებს. არსებული მონაცემებით, ეს ტემპი ოთხჯერ აღემატება იმ ადამიანების მაჩვენებელს, რომლებიც დიეტას ან ვარჯიშს წყვეტენ.

მკვლევრების შეფასებით, ასეთი სისწრაფით წონის მატება ნიშნავს, რომ პაციენტები საწყის მაჩვენებლებს საშუალოდ ერთიდან ორ თვეში უბრუნდებიან.

ამასთან, სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევა ეფუძნება კლინიკური ტესტების შედეგებს და არა რეალურ, მრავალწლიან დაკვირვებას. მათი თქმით, გასახდომი ინიექციების გრძელვადიანი ეფექტების შესაფასებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

მეცნიერებმა გააანალიზეს 37 სხვადასხვა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 9 ათასზე მეტი პაციენტი. მათ შეადარეს ინიექციების ეფექტი ტრადიციულ მეთოდებს – დიეტას, ფიზიკურ აქტივობასა და მედიკამენტურ მკურნალობას. ინიექციების თანამედროვე ფორმებს მხოლოდ რვა კვლევა შეეხებოდა, ხოლო დაკვირვების პერიოდი უმეტეს შემთხვევაში პრეპარატის შეწყვეტიდან ერთ წელზე ნაკლებს მოიცავდა, რის გამოც მიღებული შედეგები დაახლოებით შეფასებად მიიჩნევა.

კვლევა აჩვენებს, რომ დიეტისა და ცხოვრების წესის ცვლილების შედეგად ადამიანები შედარებით ნაკლებ წონას იკლებენ, თუმცა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ წონა ბევრად ნელა ბრუნდება, საშუალოდ 0,1 კილოგრამი თვეში. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შედეგები დიდწილად დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები