ამერიკული როკჯგუფი Linkin Park სტრესთან გამკლავებისთვის ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შემსრულებლად დასახელდა. ამის შესახებ ჯანდაცვის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის, Tebra-ს მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს.
კვლევა აშშ-ში გამოკითხული 1000 ადამიანის პასუხებსა და 560 საჯარო ფლეილისტის ანალიზს ეფუძნება, რომლებიც სტრესის შემცირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემატიკას ეხებოდა. საერთო ჯამში, კვლევაში 155 ათასზე მეტი მუსიკალური ტრეკი გაანალიზდა.
მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 35%-ისთვის მუსიკა სტრესთან ბრძოლის მთავარი საშუალებაა – ის უსწრებს როგორც ფიზიკურ ვარჯიშს, ისე ფილმებისა და სერიალების ყურებას. რესპონდენტების 72% კი აცხადებს, რომ მუსიკის მოსმენამ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა მოახდინა.

კვლევის ავტორების თქმით, ემოციური შვების ძიებისას ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ Linkin Park-ს უსმენენ. პოპულარული აღმოჩნდა ასევე Adele, Taylor Swift, Drake, Coldplay, The Weeknd და Billie Eilish.
კვლევა მიუთითებს, რომ ადამიანებისთვის დამამშვიდებელი მუსიკა ხშირად ემოციურ ტექსტებთან, ნოსტალგიურ ასოციაციებთან და მშვიდ რიტმებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით აქტიურად იზრდება „მენტალური ჯანმრთელობის ფლეილისტების” პოპულარობა მუსიკალურ პლატფორმებზე, სადაც მომხმარებლები სპეციალურად შერჩეულ ტრეკებს სტრესისა და გადაღლილობის შესამცირებლად უსმენენ.