Lamborghini-მ ახალი Urus SE Performante-ის პრემიერის თარიღი ოფიციალურად დაადასტურა. მაღალი წარმადობის ჰიბრიდული კროსოვერი 1-ელ ივლისს წარდგება, მანამდე კი კომპანიამ მოდელის პირველი თიზერული ფოტო გაავრცელა.
გამოქვეყნებულ ფოტოზე ავტომობილის უკანა ნაწილია ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება განზრახ არის დაბნელებული, ჩანს, რომ Urus SE Performante განსხვავებულ დიზაინს მიიღებს როგორც მოქმედი Urus SE-ის, ისე უკვე წარმოებიდან მოხსნილი Urus Performante-ის ვერსიებისგან. მოდელს ექნება ახალი სპოილერი უკანა ფარების ზემოთ, ხოლო ზედა ანტიფრთა, სავარაუდოდ, წინა Performante-ის მოდიფიკაციიდან იქნება გადმოტანილი.
ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კროსოვერი აღიჭურვება განახლებული ჰიბრიდული სისტემით, რომელიც 4.0 ლიტრის ორმაგტურბინიან V8 ძრავას დაეფუძნება. მისი სიმძლავრე 800 ცხენის ძალას გადააჭარბებს, რაც მოქმედი Urus SE-ის მაჩვენებელზე მეტი იქნება.
დღეს Lamborghini Urus SE მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული კროსოვერია – მისი მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ/სთ-ს აღწევს. მოსალოდნელია, რომ SE Performante ამ შედეგსაც გააუმჯობესებს და ბრენდის ისტორიაში ყველაზე სწრაფ Urus-ად იქცევა.