საქართველოს ნაკრები ძალოსნობაში სპლიტში (ხორვატია) ჩავიდა, 2 აპრილს დაიწყება ევროპის ჩემპიონატი. ტურნირი, რომელზეც მოქმედი ჩემპიონის რანგში (პირველად) გამოვა ლაშა ტალახაძე. ტურნირი, რომელზეც მძიმე წონაში ლაშასთან ერთად კაპიტანი, ირაკლი თურმანიძეც გამოდის.
ჩემპიონი მაგარ ხასიათზეა და ჩემპიონი სპლიტიდან ჩემპიონის ტიტულით უნდა დაბრუნდეს.
ლაშა, როგორ ფორმაში ხარ?
ალბათ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში. ოლიმპიადის შემდეგ ისეთი საინტერესო ვარჯიშები გავიარეთ, რომ შემიძლია 100 პროცენტით ვთქვა, რომ მანამდე ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია. ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ვარ.
რა მედალი მოგაქვს სპლიტიდან?
მხოლოდ ოქროს მედალზე ვფიქრობ. ყოველთვის ასეა. ყოველთვის ასე იქნება. ჩემზეა დამოკიდებული, როგორ შევხვდები ტურნირს, როგორ ჩავერთვები ტურნირში. ყევლაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მინდა გავამართლო ჩემი გულშემატკივრების იმედები. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მიდგას, ვინც ჩემიანია. თქვენთან ერთად ყველაფერი უფრო მშვიდად და მარტივად გამოდის. ჩემი წარმატებები თქვენი დამსახურებაც არის.
როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა?
მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. არა მარტო ჩემთვის, მთელი ნაკრებისთვის. ჩვენი მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ძალიან საინტერესოდ გვავარჯიშებს. შეაქვს პროცესში მრავალფეროვნება, სირთულე. ეს აუცილებელია. ბოლო პერიოდში ეს ნაკრებში გამორჩეულად საინტერესო მოსამზადებელი ციკლი იყო. კმაყოფილი ვარ.
ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტებად?
ალბათ, ისევ სომხებს და არ არის გამორიცხული, რუსიც კარგ ფორმაში იყოს. ირაკლის კარგი გაგებით არ ვთვლი კონკურენტად. ის ჩემი მეგობარია და მხოლოდ ამ კონტექსტში, ხვდები ხო? როგორც სპორტსმენი, იკა მედლისთვის იბრძოლებს. ის დიდი სპორტსმენი, ყველაზე სერიოზულიკონკურენტია და ვეცდებით, ერთად მაქსიმუმი მოვუტანოთ საქართველოს.