ლატვიის მოსახლეობის მესამედი მიიჩნევს, რომ 13 წლამდე ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ წვდომა სოციალურ ქსელებზე. მათი აზრით, საზოგადოება ვერ აფასებს ინტერნეტის მავნე ზემოქმედებას ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ LSM+ წერს.
კვლევის მიხედვით, ლატვიელთა 76% მიიჩნევს, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში სოციალური მედიის გამოყენების შეზღუდვაა საჭირო. 19% კი ფიქრობს, რომ აკრძალვა მხოლოდ 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე უნდა გავრცელდეს.
გამოკითხვა, რომელიც ადგილობრივმა მობილურმა ოპერატორმა ჩაატარა, აჩვენებს, რომ მოსახლეობის თითქმის 70% ღელავს ბავშვების სოც-ქსელებზე დამოკიდებულების გამო. თუმცა, კვლევები ასევე მიუთითებს, რომ ტელეფონთან ზრდასრულებიც სულ უფრო მეტ დროს ატარებენ.
ფსიქოლოგების განმარტებით, სოციალური ქსელები იწვევს დამოკიდებულებას, ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას, აძლიერებს შფოთვას, ასევე აჩენს კრიტიკისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების რისკს.
ლატვიელების აზრით, ერთ-ერთი გამოსავალია ის, რომ სოციალური ქსელების გამოყენება ზრდასრულებმაც შეამცირონ, რადგან ბავშვები მშობლებისგან მიღებულ მაგალითს უფრო ადვილად გაიმეორებენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესებას მოზარდებისთვის ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანაც განიხილავს, რადგან ბავშვები უფრო მოწყვლადები არიან და თავიანთ ქცევებზე სრულ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. მაგალითად, საფრანგეთში უკვე მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ბავშვებმა მშობლების თანხმობა უნდა მიიღონ, რათა სოციალური ქსელის ანგარიში შექმნან.
ლატვიელები ამ შეზღუდვას მარტო არ უჭერენ მხარს – გერმანიის მოსახლეობის უმეტესობაც მსგავს ინიციატივას ემხრობა.