იაპონურმა კომპანია Mitsubishi Motors-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეგენდარული ყველგანმავალი Pajero ახალი თაობით დაბრუნდება. მწარმოებელმა მოდელის პირველი თიზერი უკვე გაავრცელა, ხოლო სრულფასოვანი პრემიერა 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
გამოქვეყნებულ ფოტოზე მხოლოდ წინა ოპტიკის ნაწილია ნაჩვენები, თუმცა უკვე ჩანს, რომ ახალ Pajero-ს თანამედროვე, T-ის ფორმის დღის სავალი განათებები ექნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოდელი შეინარჩუნებს მთავარ მახასიათებელს, რომელმაც ის ათწლეულების განმავლობაში პოპულარულად აქცია. შესაბამისად, Pajero კროსოვერად არ გადაიქცევა და სრულფასოვან ყველგანმავლად დარჩება.
ახალი თაობა ტექნიკურად პიკაპ Mitsubishi Triton-ზე (ზოგ ბაზარზე L200-ის სახელით ცნობილი) დაფუძნდება, თუმცა მწარმოებლის ინფორმაციით, ავტომობილის ექსტერიერი, დაკიდების სისტემა და შასის პარამეტრები მნიშვნელოვნად გადამუშავდება. მიზანი მაღალი გამავლობის შესაძლებლობებისა და გაუმჯობესებული კომფორტის შეთავსებაა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ძრავების გამაში შესაძლოა შევიდეს დაახლოებით 320 ცხენისძალიანი 3.8 ლიტრიანი V6, ასევე ჰიბრიდული სისტემა, რომელიც 2.4 ლიტრის ბენზინის ძრავსა და ორ ელექტროძრავს გააერთიანებს.

ახალი Pajero გახდება Mitsubishi-ის განახლებული განვითარების სტრატეგიის ნაწილი. კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 13 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, მათ შორის სხვადასხვა კლასის კროსოვერებს, პიკაპებსა და მინივენებს. გავრცელებული ინფორმაციით, მომავალში Pajero შესაძლოა ცალკე ოჯახადაც ჩამოყალიბდეს და უფრო კომპაქტური ვერსიებიც მიიღოს.
პირველი Mitsubishi Pajero 1982 წელს გამოჩნდა. მოდელის წარმოების დასრულებამდე მსოფლიოში 3.25 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო ავტომობილი 170-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა. Pajero-ს ანგარიშზე ასევე 12 გამარჯვებაა ლეგენდარულ რალიში Dakar Rally, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ყველგანმავლად აქცევს.