LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიონში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტია

108
693073

ვებ-სერვის Speedtest-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი ლიონშია, სადაც ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 500 მგბტ/წმ-ს აღწევს. ქვეყნებს შორის ინტერნეტ-კავშირის სიჩქარით საფრანგეთი ევროპაში პირველ ადგილს იკავებს და მსოფლიოში – მესამეა სინგაპურისა და ჰონგკონგის შემდეგ, წერს Connexion france-ი.

წარმატების მიღწევა ქვეყანამ ათწლეულზე მეტ ხანს მიმდინარე პროგრამის – France Très Haut Débit-ის წყალობით შეძლო, რომლის მიზანიც მთელ საფრანგეთში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის უზრუნველყოფაა. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის დამსახურებით, სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია ფრანგების 92 პროცენტისთვის.

მაგრამ რატომ გახდა მაინც ლიონი ინტერნეტის სიჩქარით ლიდერი? პირველ რიგში, ეს არის დიდი ქალაქი მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, რაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანას ოპერატორებისთვის ფინანსურად უფრო მომგებიანს ხდის. მეორეც, ოთხ უმსხვილეს მობილურ ოპერატორს შორის არსებული მკაცრი კონკურენცია ლიონელებს უფრო სწრაფ და ბიუჯეტურ ინტერნეტს სთავაზობს. და ბოლოს, ქალაქის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ მობილურ ოპერატორებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ სერვისის ხარისხის გაუმჯობესების სანაცვლოდ.

Speedtest-ის კვლევაში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი მხოლოდ ის კი არ არის, რომ წამებში შეგიძლია 100 გბ-იანი თამაში ჩამოტვირთო ან 4K ტრანსლაციას უყურო. ეს ტექნიკური მიღწევა ასევე ეხმარება ისეთი პრობლემის მოგვარებას, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა. სწრაფი ინტერნეტი ათასობით ფრანგისთვის კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის დისტანციურ მუშაობას და ბევრს მიეცა საშუალება კარიერა ქალაქგარეთ გაეგრძელებინა.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ინკლუზიურობის ინსტრუმენტად იქცა. ხანდაზმული ადამიანისთვის ან შეზღუდული მობილობის მქონე პირისთვის ეს ნიშნავს ვიდეო კავშირის საშუალებით ექიმთან კონსულტაციას; პატარა დასახლებებში მყოფი სტუდენტებისთვის – დიდი უნივერსიტეტების ონლაინ-რესურსებზე წვდომას; ხოლო მცირე ბიზნესისთვის – კონკურენციის შესაძლებლობას ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები