შემოდგომისთვის საფრანგეთში, კერძოდ კი ლიონში „ბუნებრივი“ საბავშვო ბაღები ამუშავდება – იქ ბავშვები ნებისმიერ ამინდში ღია ცის ქვეშ იქნებიან. ორი ასეთი დაწესებულება გასახსნელად უკვე მზადაა, წერს Lebonbon-ი.
ჩვეული დახურული შენობების ნაცვლად, ახალი ბაღები ეზოში განთავსებული უზარმაზარი სათამაშო ზონებით იქნება გამორჩეული. ბავშვები შეძლებენ თავისუფლად გამოიკვლიონ ბუნება: ითამაშონ ქვიშით და ფოთლებით, დააკვირდნენ ჩიტებს და მწერებს.
წვიმისა და ძლიერი სიცხისგან დასაცავად ხით გადახურულ სივრცეებს გამოიყენებენ.
ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შენობა გამოსაცვლელად, საკვების მისაღებად და აღმზრდელების დასასვენებლად.
ქალაქში დარწმუნებული არიან, რომ ასეთი მიდგომა ბავშვების ჰარმონიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. სუფთა ჰაერზე თამაში აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მოტორიკას და გარე სამყაროსთან ურთიერთობას ასწავლის.
პირველი ორი ბაღი 60 ბავშვს მიიღებს. თუკი პროექტი წარმატებული იქნება, საფრანგეთში სხვა ასეთი ბაღებიც გაჩნდება.