ლონდონში ცოლ-ქმარს თავად მოუწია ქურდებისთვის საკუთარი ავტომობილის წართმევა, რადგან პოლიციამ დახმარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ LBC იუწყება.
48 წლის მია ფორბს-პირმა და 62 წლის მარკ სიმპსონმა დილით ადრე შენიშნეს, რომ მათი Jaguar E-Pace გაუჩინარდა. წყვილმა ივარაუდა, რომ ქურდებმა მანქანა სატვირთო ავტომობილით წაიღეს. მეზობლებმაც დაადასტურეს, რომ ღამით უცნაური ხმები ესმოდათ.
ცოლ-ქმრის განმარტებით, მათ ავტომობილში სპეციალური დაცვითი სისტემა იყო, რომლის ამოქმედებაც მხოლოდ სპეციფიკური ღილაკების დაჭერით იყო შესაძლებელი. ასევე, სისტემას ჰქონდა მდებარეობისთვის თვალყურის დევნების ფუნქციაც, რაც მათ მანქანის ადგილსამყოფლის დადგენაში დაეხმარათ. ეს ინფორმაცია დაზარალებულებმა დაუყოვნებლივ პოლიციას გადასცეს, მაგრამ სამართალდამცველებმა დახმარებაზე უარი თქვეს, მიზეზად კი დაკავებულობა დაასახელეს.
ცოლ-ქმარმაც დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა: მათ მანქანა ერთ-ერთ ჩიხში იპოვეს და სახლში თავად წაიყვანეს.
როგორც მიამ განაცხადა, “საკუთარი მანქანის გატაცება” ძალიან სახალისო იყო, მაგრამ მაინც ერჩივნა, ასეთი საქმე პოლიციას მოეგვარებინა. მისი თქმით, ახლა სამართალდამცველები ალბათ ვეღარ შეძლებენ მტკიცებულებების შეგროვებას, რადგან მას შემდეგ მანქანას ბევრი ადამიანი შეეხო. „პოლიციას არ ჰყოფნის რესურსი — და ეს სამარცხვინოა“, — განაცხადა ფორბს-პირმა.
