LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია: თავისუფლების ნაცვლად დიდება

44

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გივი მაჭარაშვილი (96 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ახალგაზრდულ ევროპირველობაზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ყველაზე ბოლოს ხალიჩაზე 96 კილოგრამში მოჭიდავეები გავიდნენ და დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა – მაჭარაშვილი ფინალში იტალიელ სიმონე იანატონის დაუპირისპირდა, 44 წამში 10:0 დაამარცხა და სამიოდ თვის წინ გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალს კიდევ ერთი ოქრო მიამატა. ამჯერად უშალოდ თავის ასაკობრივ კატეგორიაში.

ფინალის გზაზე მაჭარაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა: ბერძენი დიმიტრიოს აკრიტიდისი ორწუთნახევარში აშკარა უპირატესობით (14:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა (14:5).

საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ედემ ბოლქვაძე (60 კგ) და ნიკა კენჭაძეც (74 კგ) ჩაებნენ და ორივემ მედალი მოიპოვა.
კენჭაძე მეორე საფეხურზე ავიდა, ბოლქვაძემ კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. შედეგად, ქართული გუნდის პირველი დღის მონაგარი სამივე სინჯის თითო მედალია.

საქართველოს ძველი ჰიმნი

პირველი დღის ბოლოს ორგანიზატორებმა შეცდომა დაუშვეს.
დაჯილდოვების შემდეგ ტრადიციულად გამარჯვებულის ჰიმნი გაჟღერდა, თუმცა ორგანიზატორებმა ნაცვლად საქართველოს ახალი ეროვნული ჰიმნისა “თავისუფლება”, ძველი ჰიმნი “დიდება” ჩართეს. ამან ქართველი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები