მადრიდის ქუჩებში ქუჩის მუსიკოსების რაოდენობა შემცირდება. ქალაქის საბჭო მთავარ ქუჩაზე – გრან-ვიაზე და ასევე მის ახლო-მახლო ტერიტორიებზე კონცერტებს 2025 წლიდან სრულად აკრძალავს. სიახლის შესახებ npr წერს.
უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზი გახდა იმ ქუჩების განტვირთვა, სადაც ადგილობრივთა თუ ტურისტთა დიდი ნაკადების გამო გავლა ისედაც ძალიან რთულია. გრან-ვია თეატრებითა და სხვა პოპულარული ადგილებითაა ცნობილი.
გარდა ამისა, მომავალი წლიდან მადრიდის ქუჩებში სიმღერის, საქსოფონის, გიტარის თუ სხვა ინსტრუმენტების მოსმენა წელიწადში მხოლოდ 250-ჯერ იქნება შესაძლებელი და არა 500-ჯერ, როგორც აქამდე. ქუჩაში გამოსვლაზე ნებართვა პირადი გახდება, ანუ მისი სხვისთვის გადაცემა აიკრძალება და მუნიციპალური პოლიცია არტისტებს პირადად შეამოწმებს ხოლმე.
საათები, როცა მუსიკოსებს დაკვრა შეეძლებათ, უცვლელი დარჩება 12:00-დან 14:00 საათამდე და 18:00-დან 21:00 საათამდე. თუმცა, ზოგიერთ ადგილას დაკვრა ყოველ დღე იქნება შესაძლებელი, ზოგან კი მხოლოდ პარასკევობით.