მოსკოვის ცსკა 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს თორნიკე შენგელიასთან (28 წლის, 206 სმ). მოსკოვური კლუბი დათანხმდა ქართველი ფორვარდის გამოსასყიდი თანხის გადახდას, ყველა დეტალი მხარეებს შორის მოგვარებულია.
შენგელიამ ორიოდ დღის წინ “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა. ვიტორიულ კლუბთან კონტრაქტი ჩვენიანს 2022 წლამდე აქვს. ხელშეკრულებაში დაახლოებით 1.5 მლნ ევროს გამოსასყიდი თანხაა.
ევროლიგის გათამაშებაში შენგელია საშუალოდ 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას და 2.9 გადაცემას აგროვებდა.
ქართველი ფორვარდი ბევრს ევროლიგაში საუკეთესო 4 ნომრად მიაჩნია.
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია – როგორ აღნიშნავს თოკო წარმატებას თვითმფრინავში (ვიდეო)
ეს ინფორმაცია Eurohoops-ის ინსაიდერმა ნიკოს ვარლასმა გაავრცელა, რომელმაც ტვიტერზე დაწერა:
“ეს ზღაპარს გავს! თოკო შენგელიამ ოცნება აისრულა და პირობა შეასრულა, რომელიც “ბასკონიას” და გულშემატკივრებს მისცა – მოიგო ქვეყნის ჩმპიონის ტიტული. ის ცსკა-სთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რუსული კლუბი ესპანეთის ჩემპიონს გამოსყიდვაზე მოელაპარაკა”.
გაგახსენებთ, ადრე თოკოს NBA-შიც უთამაშია. ის “ჩიკაგოს” და “ბრუკლინის” ღირსებას იცავდა. ამერიკიდან 2014 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ სტაბილურად გამოდიოდა “ბასკონიაში”.
რუსებთან ახალი კონტრაქტის მიუხედავად, დაინტერესების შემთხვევაში თოკოს ნაციონალ ასოციაციაში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლება, ეს ოფცია კონტრაქტშია გათვალისწინებული.