მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა მიიღო შანსი, ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდეს. Tesla-ის აქციონერთა კრებამ მხარი დაუჭირა გენერალური დირექტორისთვის 1 ტრილიონ დოლარად შეფასებული აქციების პაკეტის გადაცემას, თუკი მასკი მომავალი ათწლეულის განმავლობაში გარკვეულ მიზნებს მიაღწევს.
ხმის მიცემა მოჰყვა მრავალკვირიან დებატებს მასკის მენეჯერულ მიღწევებზე ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში. განხილვა მიმდინარეობდა ევროპიდან გავრცელებული ცნობების ფონზე იმის შესახებ, რომ Tesla-ს ავტომობილების გაყიდვები გასულ თვეში კვლავ დაეცა, მათ შორის გერმანიაში – 50 პროცენტით.
თუმცა, აქციონერთა 75%-მა გეგმას მხარი მაინც დაუჭირა.
ბიზნესმენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები მას ისევ ენდობიან, მიუხედავად Tesla-ს გაყიდვების, საბაზრო წილისა და მოგების შემცირებისა. თანაც დიდწილად ეს ყველაფერი სწორედ მასკის ბრალია.
მისი სხვადასხვა შეთქმულების თეორიებში და პოლიტიკაში ჩართულობის გამო კომპანიამ ძალიან ბევრი მომხმარებელი დაკარგა.
