LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ქუთაისელი ვარ“ უკვე ტრენდებშია – „თამადამ“ „შავი პრინცის“ ჰიტი გააცოცხლა

141
თამადა

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მუსიკოსი „თამადა“ სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებასა და კარიერაზე ისაუბრა და მსმენელს ნამუშევრები „კინტოს სიმღერა“ და „მე ქუთაისელი ვარ“ წარუდგინა.

როგორ შეიქმნა პროექტი „თამადა“ და რატომ აღნიშნული სახელწოდება?

არ ვცხოვრობდი საქართველოში, საქართველოში რომ მეცხოვრა, ამ პროექტს არ გავაკეთებდი. ვიყავი წასული სასწავლებლად, რამდენიმე უნივერსიტეტში ვისწავლე. ბოლო 5 წელი, ვცხოვრობდი ბერლინში, სადაც ბევრი ძალიან ცუდი და ძალიან კარგი რამ გადამხდა და ამ ყველაფერმა, ამ დიდმა გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ მე აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი გულწრფელი ჩემს თავთან და არ დავმალოდი ამ მე-ს, ამ „თამადას“, რომელიც ჩემში ყოველთვის სახლობდა.

რაც შეეხება სახელწოდებას „თამადა“. მე არ მიყვარს უბრალოდ სმა, მიყვარს როდესაც არის ნადიმი და ნადიმი ჩემთვის არის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, უფრო მეტად განვითარებულად წამოსვლა თითოეული სუფრიდან. მთელს ჩემს სამეგობროს, როცა დავსხდებოდით, ვაჩერებდი და ვეუბნებოდი, რომ ისე არ დაგველია და გველაპარაკა, გვეთქვა ის, რისი თქმაც გვსურდა და ასე შემერქვა „თამადა“.

მანამდე თუ გქონდა რაიმე მუსიკალური გამოცდილება ან პროექტები?

კი, მანამდე სხვა პროექტები მქონდა, უფრო როკ მუსიკით, როკ-ენ-როლით, ინდი-როკით ვიყავი დაკავებული, ყველაფერს მივედ-მოვედე. 2014 წლიდან იყო ელექტრონული მუსიკა. ყველაზე გულწრფელი სადაც დავინახე საკუთარი თავი, იქ დავრჩი და ჯერჯერობით, აქ ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება აქ ვიქნები.

კიდევ თუ გეგმავ უცხოეთში წასვლას?

კი, უცილებლად წავალ.

როგორც მივხვდი, შენს შემოქმედებას სჭირდება, რომ სულ მოძრაობაში იყო…

შენი შემოქმედება ხომ შენ ხარ და შენ გჭირდება ეს, ანუ მოძრაობა… მოძრაობა არის სიცოცხლე. ერთ ადგილას ყოფნა და საკუთარი თავის კომფორტში მოქცევა, გაჩერებს.

როდის დაბრუნდი საქართველოში?

პანდემია რომ დაიწყო, 2 კვირაში ჩამოვედი საქართველოში. ძალიან მალევე, სექტემბერში, გერმანულ ლეიბლზე გამოვუშვი პირველი სიმღერები. არც მქონდა გათვლილი, რომ საქართველოში ვიცხოვრებდი, უბრალოდ, იმდენად მალე გავხდი პოპულარული და იმდენი კონცერტები მქონდა, რომ 5 წელია შემოვრჩი აქ, თორემ მე არ ვარ ტიპი, რომელიც ერთ ადგილზე დიდხანს რჩება.

ვისაუბროთ „კინტოს სიმღერაზე“.

„კინტოს სიმღერა“ მე დავარქვი. ეს სიმღერა არის ერთ-ერთი ძველი ვინილიდან. მუსიკათმცოდნემ, ლაშა გაბუნიამ დადო ჩანაწერი თავის „იუთუბ“ არხზე. ამ სიმღერამ ძალიან დიდი გაურკვევლობა გამოიწვია ხალხში, რომ თითქოს, უმცირესობებზეა. ეს არის ძველი ჩანაწერი, რომელიც თუ არ ვცდები, არის რომელიღაც სპექტაკლიდან, სადაც ქალის როლს თამაშობს ეს მომღერალი. რა თქმა უნდა, თავის დროზე, ეს სპეციალურადაც გავაკეთე, რომ ეპატაჟი ჰქონოდა, მაგრამ სწორი ინფორმაცია იქნება ის, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ქალის როლს თამაშობს ამ სპექტაკლში.

მოგვიყევი ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის „მე ქუთაისელი ვარ“ შენებურ ვერსიაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ძალიან პატარა ვიყავი, პირველად რომ „შავ პრინცს“ შევხვდი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, სანზონაში. პირველი მუსიკალური საუბრები მასთან მახსოვს. მთელი ცხოვრებაა ამ სიმღერას ვღიღინებ, „მე ქუთაისელი ვარ“ ძალიან მიყვარს და სულ ვფიქრობდი, როგორ გამოვხატო ამ სიმღერის სიყვარული-მეთქი. შარშანწინ „მონო ჰოლში“ ვუკრავდი, როდესაც სცენაზე ძალიან სპონტანურად დავიწყე ეს სიმღერა. ძალიან დიდი ემოცია და მოთხოვნა წამოვიდა, რომ ეს სიმღერა გამეკეთებინა. ახლაც, ძალიან სპონტანურად ჩავწერე სახლში პატარა ვიდეო, რომელსაც ერთ კვირაში, მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ერთი კვირის წინ, ოფიციალურად გამოვუშვი, უკვე „იუთუბ“ არხზეც დევს. უკვე ტრენდებშია, ძალიან ბევრი მოსმენა აქვს. ჩემგან დაბადების დღის მილოცვასავით არის „შავი პრინცისადმი“.

როგორი რეაქცია ჰქონდათ „შავი პრინცის“ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, როცა სიმღერის შენებური ვერსია მოისმინეს?

ოჯახის წევრებს, სანამ ოფიციალურად გამოვუშვებდი სიმღერას, მანამდე ველაპარაკე. მეგობრებს მოეწონათ. ქუჩაში მოსულა ადამიანი და ჩამხუტებია, მე „შავი პრინცის“ მეგობარი ვარ და მადლობა, რომ გაგვიცოცხლე და ხალხს გაახსენეო. დიდი სიყვარული წამოვიდა. ქუთაისშიც რომ გავიარე, სულ სხვა გავლა იყო.

ძალიან განსხვავებული მუსიკალური სტილი გაქვს, გამორჩეული და ორიგინალურია შენი ჩაცმულობაც სცენაზე. როგორ მიიღო მსმენელმა ეს ყველაფერი, თუ არის ხოლმე კრიტიკა და როგორ იღებ ამ ყველაფერს?

ბევრი ცუდი, ბევრი კარგი გამიგია. თავიდან მოქმედებდა ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ, ხელში ავიყვანე საკუთარი თავი. შენ თუ ამაზე დაიწყე ფიქრი, შემდეგს ვეღარ გააკეთებ. მე კიდევ ძალიან ვორკაჰოლიკი ვარ, ძალიან მიყვარს მუშაობა და მუსიკაზე ფიქრი. არავის ვაძლევ უფლებას, რომ ეს პროცესი რამე სახით შეაფერხოს. კონსტრუქციული კრიტიკა მიმიღია, გამითვალისწინებია და უკეთესიც გამხდარა „თამადა“.

თამადა – კინტოს სიმღერა

თამადა – მე ქუთაისელი ვარ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

თამადა – ქალაქური ჩანახატები

თამადა. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები