LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე რახან ასეთი ამბიციური მუსიკოსი ვარ, როგორც მინიმუმ, სხვანაირი ნამუშევარი უნდა გამეკეთებინა და ასეთიც არის ეს სიმღერა… მინდა, რომ ჩემით გადავიღო კლიპი, მაგრამ ხელს მიშლიან. „სახე“ იმდენს გააკეთებს, რომ პირველ ვიდეოს „ქუჩის ბიჭებს“ გადავუღებ…“ – დათო ფორჩხიძე

158
დათო-ფორჩხიძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დათო ფორჩხიძე სტუმრობდა. გადაცემაში ჯგუფის „სახე“ სიმღერის „საქართველო ლამაზო“ პრემიერა შედგა.

დათო, ვისაუბროთ სიმღერაზე „საქართველო ლამაზო“.

ერთი წლის წინ, რაღაც პროექტი იყო, მგონი, 26 მაისის კონცერტი და ბევრი ასეთი პატრიოტული სიმღერის არანჟირების გაკეთება მომიწია. ეს სიმღერა მხოლოდ ფორტეპიანოს თანხლებით გავაკეთე და ჩემმა შვილმა, ნანუკამ იმღერა. მაშინ, ეს არანჟირება, აკომპანემენტი, ვინც მოისმინა, მუსიკოსებმა, მუსიკაში ჩახედულმა ადამიანებმა, 100 % აღფრთოვანებული იყო. მერე, მივიწყებას მიეცა ეს ნამუშევარი. შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში ეს ტენდენცია, პატრიოტიზმის გახურება სულ უფრო და უფრო პიკისკენ წავიდა და დათო ხუჯაძეს ჰქონდა დაუოკებელი ლტოლვა, რომ რაღაც ნამუშევარი გაეკეთებინა, რისი მომხრეც მე არ ვიყავი და სულ ხელს ვუშლიდი. მოჰქონდა სხვადასხვა სიმღერები, მე მაქსიმალურად ხელს ვუშლიდი, მაგრამ არ მომასვენა და ვუთხარი, მე მაქვს ერთი ვერსია-მეთქი და ეს ნამუშევარი მოვასმენინე. დათომ იქვე გადაწყვიტა, რომ ეს ის სიმღერა იყო. ამ სიმღერის ორიგინალი ულამაზესია, ჰყავს უმაგრესი კომპოზიტორი, თემო ნაცვლიშვილი, ლექსიც კლასიკაა და ჩემი არაფერი მას არ სჭირდებოდა, უბრალოდ, კარგად უნდა გამეკეთებინა. მე რახან ასეთი ამბიციური მუსიკოსი ვარ, როგორც მინიმუმ, სხვანაირი ნამუშევარი უნდა გამეკეთებინა და ასეთიც არის ეს სიმღერა. თვითონ ნამღერი „სახეს“ ჟანრი არ არის, არც ქალაქური ფოლკია, არც სოულია, აკადემიურად ვმღერით. მე ძალიან მომწონს ის, რაც გავაკეთეთ, მაგრამ სახეს ჰყავს თავისი ფანების არმია, რომელთაც შეიძლება, პროტესტი არ აქვთ, რომ ამ სიმღერაში ასე გადავუხვიეთ ჩვენი სტილიდან, მაგრამ თუ ჩვენ ამას ბევრჯერ გავაკეთებთ, შეიძლება, ეს არ მოეწონოთ, ამიტომ დილემის წინაშე ვარ. დათოს ვეუბნები, რომ ჩვენ ისევ ის ნიშა უნდა გავაგრძელოთ, რომელიც აქამდე გვეჭირა. შეიძლება, მოხუცები ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაცეკვოთ, გავართოთ ხალხი.

კიდევ თუ მუშაობთ უკვე ახალ ნამუშევრებზე?

უკვე მზად გვაქვს 2-3 სიმღერა და გვინდა, რომ ვიდეოც გადავიღოთ. მინდა, რომ ჩემით გადავიღო კლიპი, მაგრამ დათო და ბორიკო ხელს მიშლიან, არ სჯერათ ჩემი შესაძლებლობების. „საქართველო ლამაზოს“ კლიპზე იმ პროფესიონალების გუნდმა იმუშავა, ვინც „ჩემო თბილის ქალაქო“ გადაიღო 2018 წელს. თვითონ პროდუქტი თავის თავზე ლაპარაკობს. ძალიან პროფესიონალები არიან, ამ ხალხმა კანის კინო ფესტივალზე რაღაც გამარჯვებები დაიმსახურეს, მაგრამ ვამბობ, რომ კი, ძალიან მაგრები არიან, თუმცა მეც შემიძლია ასეთი პროდუქტის გაკეთება. რა თქმა უნდა, ბიჭები დამცინიან და არ მომყვებიან ამ თემაში. „სახე“ იმდენს გააკეთებს, რომ პირველ ვიდეოს „ქუჩის ბიჭებს“ გადავუღებ და მერე, დამიწყებენ ხვეწნას (იცინის). რა თქმა უნდა, იმას, რასაც ვაკეთებთ და როგორც ვაკეთებთ, ძალიან კარგად ვაკეთებთ, ჯგუფის, კოლექტივის ხარჯზე, მაგრამ ეს თანხებთან არის დაკავშირებული. იცით, რატომ იყო „სახე“ უფრო პროდუქტიული?! მაგალითად, სხვები რომ წერდნენ სიმღერას, მათთვის ერთ სიმღერაზე ერთი არანჟირება ფუფუნება იყო და მე „შენ რა სექსი ხარ“-ზე შვიდი არანჟირება მქონდა და „როგორ მინდა მოგეფერო“-ზე 8 და მათ შორის რომელი იყო უკეთესი, ვარჩევდი. შესაბამისად, ამიტომ მინდა, რომ ვიდეოების კუთხითაც მქონდეს მუშაობის შესაძლებლობა. მეუბნებიან, სულ ანრი ჯოხაძეს აქებო, იმიტომ ვაქებ, რომ ვიდეოებს თვითონ იღებს, ყველაფერს თვითონ აკეთებს, ანუ ამ ადამიანმა თავისი ჰოლდინგი შექმნა.

„სახე“ ახლა ძირითადად ახალ ნამუშევრებზე მუშაობს თუ იქნება ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერების რიმეიქები?

მე ახლა მივხვდი, რა რთულ მდგომარეობაში იყო დავუშვათ, მაიკლ ჯექსონი, სტივი უანდერი, რადგან რაც არ უნდა მაგარი სიმღერა ჩაწეროს სტივი უანდერმა, მის „I just call“-ს და „I wish”-ს, ძველ ჰიტებს, როგორ აჯობებს ახალი, რა სიმღერა უნდა დაწეროს… ძალიან რთულია „სახესთვის“ ახალი ჰიტის შექმნა, ანუ მე სიმღერის შექმნა კი არ მიჭირს, რეკლამა მიჭირს. მთავარი სიმღერა კი არ არის, რეკლამაა მთავარი. მაგალითად, ერთ ისტორიას მოგიყვებით, „სახემ“ ისე დაამთავრა თავისი პირველი მოღვაწეობა, რომ ჩვენს პირველ კონცერტებზე ერთ-ერთი ყველაზე ჩავარდნილი ნომერი იყო სიმღერა „როგორ მინდა მოგეფერო“. „სახე“ დაშლის პირას რომ იყო, მაშინ გადავიღეთ ვიდეო. მანამდე ეს სიმღერა არც რადიოში გადიოდა, არც ტელევიზიაში. კონცერტზე ხალხი საერთოდ არ რეაგირებდა ამ სიმღერაზე. რეკლამის მერე, „როგორ მინდა მოგეფერო“ ოქროს ჰიტი იყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც დაარეკლამებ „როგორ მინდა მოგეფერო“ ვერ გახდება, მაგრამ ურეკლამოდ „როგორ მინდა მოგეფერო“ ვერ გახდება „როგორ მინდა მოგეფერო“.

თუ იგეგმება კონცერტები?

3 კონცერტი გვაქვს დაგეგმილი ივლისი-აგვისტოს პერიოდში და ახლო მომავალში აუცილებლად დაანონსდება. ჩვენს კონცერტზე მოსვლა ნიშნავს, რომ მაგრად უნდა გაერთო. სულ რომ ელექტრონული მუსიკის მსმენელი იყო, „სახე“-ს კონცერტზე მაინც გაერთობი.

სახე – საქართველო ლამაზო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

სახე – დათო ფორჩხიძე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები