აშშ-ს მეცნიერების ნაციონალური აკადემიის ინფორმაციით, ყოველწლიურად ირმების მონაწილეობით მილიონამდე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რაც 29 000 დაზარალებულს, 200-მდე დაღუპულს და 10 მილიარდ დოლარამდე ზარალს ნიშნავს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და ავარიებსა და მგლების პოპულაციას შორის პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს. ვისკონსინის შტატის მაგალითზე დამტკიცდა, რომ რაც უფრო მეტი მგელი ბინადრობს ტერიტორიაზე, მით ნაკლები ირემი გამოდის გზაზე.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მგლების პოპულაციის ზრდის ხარჯზე ავტომობილებისა და ირმების მონაწილეობით საგზაო შემთხვევების რაოდენობა 24%-ით შემცირდა. ამ დროს მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი 63-ჯერ აჭარბებს იმ ზიანს, რომელსაც მეცხოველეები მგლების თავდასხმით იღებენ. გარდა ეკონომიკური სარგებლისა, მგლების დამსახურებით ათობით ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი.
მგლებისა და ირმების ურთიერთობას რაც შეეხება, საქმე ისაა, რომ მგლები ნადირობისას ადამიანის მიერ შექმნილ ინფრასტრუქტურას იყენებენ. კვლევებით დასტურდება, რომ მტაცებლები გზების სიახლოვეს გადაადგილდებიან, ირმებს ესმით მათი ტაქტიკა და ამ ტერიტორიას თავს მაქსიმალურად არიდებენ.
შედეგად წარმოიქმნება ბევრად მრავალფეროვანი ბუნებრივი ეკოსისტემა და ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობაც იკლებს.