წამყვანმა კვლევითმა ცენტრებმა, მათ შორის დანიის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, შეიმუშავეს „სუპერ საკვები“, რომელიც ფუტკრებს საშუალებას აძლევს წინააღმდეგობა გაუწიონ კლიმატის ცვლილებასა და საცხოვრებელი გარემოს დაკარგვას. მასში შედის ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება, რაც ფუტკრებს ეხმარება უკეთ გაუმკლავდნენ გლობალური დათბობისა და ადამიანის საქმიანობის შედეგებს. სიახლის შესახებ BBC წერს.
ველურ ბუნებაში ფუტკრების ბუნებრივი რაციონი ყველა საჭირო მიკროელემენტებს აერთიანებს. თუმცა ტრადიციული საკვები, რომელსაც მეფუტკრეები აძლევენ — ცილების, შაქრისა და წყლის ნაზავი — არ შეიცავს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ეს ჰგავს ადამიანის რაციონს, რომელსაც აკლია ნახშირწყლები ან ამინომჟავები, რაც ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას იწვევს.
მეცნიერთა ჯგუფმა 15 წელი დაუთმო კვლევას, რათა დაედგინა ექვსი უმნიშვნელოვანესი ლიპიდი, რომლებიც ფუტკრებს ესაჭიროებათ. ლიპიდები ენერგიის წყაროა და მონაწილეობენ ჰორმონებისა და ვიტამინების გამომუშავებაში. ამგვარად, ფუტკრები ყველა საჭირო ნივთიერების მიღებას შეძლებენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „სუპერ საკვების“ წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდება ფუტკრების მასობრივი სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო წლებში ფიქსირდება — ძირითადად დაავადებების, საკვების დეფიციტისა და კლიმატის ცვლილებების გამო.
სიახლე კვლევითმა ჯგუფმა უკვე გამოცადა და შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: ფუტკრებმა ჩამოაყალიბეს უფრო ჯანმრთელი კოლონიები, დაავადებებს უკეთ გაუმკლავდნენ და შთამომავლობაც გაზარდეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი შესაძლოა ნამდვილ აღმოჩენად იქცეს, განსაკუთრებით ადრეული ყვავილობის პერიოდში – ასეთ შემთხვევაში ფუტკრები განიცდიან საკვებით გამოწვეულ სტრესს, ავადდებიან და იღუპებიან.