ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს წყალქვეშა პორტი, ძველი ტაძრის ტაპოსირის გვერდით, რამაც ისინი შესაძლოა კლეოპატრასა და მისი საყვარლის მარკ ანტონიუსის დაკრძალვის ადგილამდე მიიყვანოს, წერს Daily Mail.
აღმოჩენა ალექსანდრიის სანაპიროდან 3 კილომეტრში, 12 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
მკვლევარი ქეთლინ მარტინესი, რომელიც კლეოპატრას საფლავის პოვნას 2005 წლიდან ცდილობს, აღნიშნავს, რომ პორტი და ტაპოსირის მაგნა – სიკვდილის ღმერთის, ოსირისის სახელობის ტაძარი – ერთმანეთს მიწისქვეშა 1,3 კილომეტრის სიგრძის გვირაბით უკავშირდება.
„ორი ათასი წლის განმავლობაში აქ არავინ ყოფილა – ჩვენ ვართ პირველები“ – განაცხადა მარტინესმა National Geographic-თან ინტერვიუში. მეცნიერების აზრით, კლეოპატრასა და მარკ ანტონიუსის შესაძლო დაკრძალვის ადგილი შეიძლება იყოს როგორც წყალქვეშა კომპლექსში, ისე ტაძრის ნანგრევებში, სადაც ადრე პტოლემეების ეპოქის კერამიკა აღმოაჩინეს; პერიოდის, როცა კლეოპატრა მეფობდა.
მარტინესის ვარაუდით, კლეოპატრამ შესაძლოა ისეთი გეგმა შეიმუშავა, რომ სიკვდილის შემდეგ რომაელებს ის საყვარელი ადამიანისთვის არ დაეშორებინათ. მისი ვერსიით, წყვილი ტაპოსირის ტაძარში დაასვენეს, საიდანაც გვირაბის გავლით პორტამდე გადაიყვანეს, სადაც დაკრძალეს კიდეც.
ეგვიპტელმა დედოფალმა და მისმა საყვარელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, თუმცა მათი დაკრძალვის ზუსტი ადგილი კვლავ რჩება ანტიკურობის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ.



