LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტებისა და წამლების შეუთავსებლობა

107
მედიკამენტებისა და წამლების შეუთავსებლობა

მედიკამენტების საკვებთან შეთავსებას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა შევისწავლოთ კვების რაციონი მთელი დღის მანძილზე. მაგალითად რას მივირთმევთ, ჩაის, ყავას თუ რძეს. მედიკამენტებთან თავსებადობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროდუქტი გრეიფრუტი და მისი წვენია. გრეიფრუტს ვერ ეწყობა ანტიბიოტიკები, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, საგულე პრეპარატები და მრავალი სხვა მედიკამენტი. მედიკამენტების მიღებისას ფრთხილად უნდა ვსვათ რძეც – ის კოფეინის შემცველი პრეპარატების მოქმედებას ანეიტრალებს. აქვე განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ მწარე აბებს უამრავი ადამიანი ტკბილ გაზიან სასმელს ან უბრალოდ მინერალურ წყალს აყოლებს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. მედიკამენტებს წყალი უნდა მივაყოლოთ და არავითარ შემთხვევაში სხვა სასმელი. მათ შემადგენლობაში შემავალი ნახშირორჟანგი ცვლის მედიკამენტების მჟავიანობას და თვისებებს. წვენი აქვეითებს ანტიბიოტიკების, ნო-შპას აქტივობას, აძლიერებს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ტოქსიკურობას. თუმცა, პოლივიტამინური კომპლექსები და რკინის პრეპარატები ჩვეულებრივ წვენებთან ერთად მიღებით გაცილებით კარგად შეიწოვება.



წამლის მიღების დროს ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რისგან შედგება ჩვენი საუზმე, სადილი და ვახშამი. მაგალითად, ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი კარგად ეწყობა ცილებით მდიდარ საკვებს. ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათი მოქმედების ეფექტს ცხიმებითა და შაქრებით მდიდარი საკვები აქვეითებს. ხილი, ბოსტნეული და კენკრა უვნებელ და ამასთან ძალზე სასარგებლო საკვებადაა მიჩნეული, თუმცა ჰიპერტონიით დაავადებულმა მარწყვის ან შავნაყოფიანი ცირცელის წვენი თუ მიირთვა, არტერიული წნევა მკვეთრად დაუქვეითდება. ეს იმიტომ, რომ მარწყვიც და ცირცელიც უხვად შეიცავს სისხლძარღვთა გამაფართოებელ ნივთიერებებს.



ისპანახი, მჟაუნა და სხვა მწვანე ბოსტნეული მდიდარია K ვიტამინით, ამიტომ მათ მიღებას არ გირჩევთ, თუ თრომბების წარმოქმნის შემაფერხებელ პრეპარატებს სვამთ. ათეროსკლეროზის სამკურნალო საშუალებებთან ერთად ხილისა და ბოსტნეულის მიღება კი პირიქით, სასარგებლოა. ჰომეოპათიური საშუალებების პარალელურად არ არის რეკომენდებული ყავის, სპირტიანი სასმელების, პიტნის ნაყენის, სუნელებით შეზავებული კერძების, არომატიზატორებითა და საღებავებით გაჯერებული საკვების მიღება. მცენარეული ნაყენებისა და ნახარშების უმრავლესობა ჭამამდე უნდა მიირთვათ. ჭამის შემდეგ, ჩვეულებრივ, ინიშნება ის მედიკამენტები, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები