მენსტრუალური ციკლის დაწყება გოგონებში ასაკის მომწიფებაზე მიგვანიშნებს. ამ დროს ორგანიზმში ბევრი ცვლილება მიმდინარეობს და საყურადღებოა. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჰორმონულ ბალანსს და ციკლის პერიოდულობის აღწერა მოვახდინოთ. მენსტრუაცია დასაწყის ეტაპზე დასაშვებია არეული სისტემით. თუმცა მომდევნო 6-12 თვის პერიოდში ნორმის ფარგლებში უნდა მოთავსდეს. მენსტრუალური ციკლის დაწყების კონკრეტული ასაკი არ არსებობს. გოგონების ნაწილი ადრე იწყებს, ნაწილი შედარებით გვიან. ამიტომ მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად დავაკვირდეთ და პროფილაქტიკური კვლევებისთვის მივმართოთ ენდოკრინოლოგს და გინეკოლოგს.

ოვულაცია მენსტრუალური ციკლის ნაწილია. საკვერცხეში იწყება კვერცხუჯრედის მომწიფება. განაყოფიერების შემთხვევაში კი დგინდება ორსულობა. ხოლო გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ლორწოვანთან ერთად ჩამოიშლება და ადგილი აქვს მენსტრუალურ სისხლდენას. ზოგადად მენსტრუაცია 3-7 დღე გრძელდება და 21-35 დღიანი ინტერვალით ხასიათდება. მენსტრუალური ციკლის დარღვევა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და მისი გამომწვევი სხვადასხვა დაავადებები იყოს. ესენია: სასქესო ორგანოების დისფუნქცია, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ჰორმონალური დარღვევები, მწვავე და ქრონიკული ინფექციები, სიმსუქნე და ხანგრძლივი დიეტები, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ნერვული სისტემის პრობლემები, ვიტამინების დეფიციტი.
აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მენსტრუალური ციკლის რიტმისა და ხანგრძლივობის ცვლილებას, ასევე ინტენსივობის დარღვევას. დიაგნოსტიკის პროცესში პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ჰორმონალური ბალანსი, ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა და გამოკვლეული იქნას სხვა ორგანოების ჯანმრთელობა. მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება მკურნალობა.