LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექანიკური გადაცემათა კოლოფი: რა უნდა ვიცოდეთ სიჩქარის შეცვლის შესახებ

194

მექანიკური გადაცემათა კოლოფი წარმოადგენს ავტომობილისა და მისი მფლობელის საუკეთესო საკომუნიკაცი საშუალებას. მას შემდეგ, რაც მძღოლი საკმარისად აითვისებს კოლოფის ხმარებას, მას უქრება ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე უფრო და უფრო მეტად ჩნდებიან ავტომატური გადაცემათა კოლოფით მქონე მოდელები, ძალიან ბევრს ავიწყდება როგორ უნდა ვმართოთ ავტომობილი მექანიკურად და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ…

რას ნიშნავს მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რა უნდა ვიცოდეთ მის ხმარებასთან დაკავშირებით და რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად? ინფორმაციას ამის შესახებ ჩვენი სტატიის მეშვეობით შეიტყობთ. მაშ ასე…

დღევანდელ დღეს გზებზე უამრავი ავტომობილია, რომელიც ავტომატური გადაცემათა კოლოფით იმართება. სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში მექანიკური გადაცემათა კოლოფი სრულიად ჩანაცვლდეს ავტომატურით. გარკვეულწილად ეს კარგიცაა, რადგან ავტომატური კოლოფი უფრო ადვილს ხდის გადაადგილებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მექანიკური კოლოფის დახმარებით ავტომობილის მართვა ბევრად სასიამოვნოა და ამასთანავე, საკმაოდ ეკონომიურიც.

 

რას ნიშნავს მექანიკური გადაცემათა კოლოფი?

 მექანიკური გადაცემათა კოლოფი ეს გახლავთ ტრანსმისია, რომელსაც კომპიუტერის ნაცვლად, ადამიანი მართავს. შესაბამისად, ავტომობილის სისწრაფესა და ძრავის ბრუნვის მომენტის კონტროლს თავად განაპირობებთ. გარდა ამისა, თუ შევადარებთ ერთი და იგივე მოდელის ეკონომიურობას მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის პირობებში, აღმოვაჩენთ, რომ მექანიკური კოლოფის მქონე ავტომობილი, ბევრად უფრო ეკონომიურია იმავე ავტომობილის ავტომატური გადაცემათა კოლოფთან შედარებით. რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსია…

დღევანდელ დღეს, მექანიკური გადაცემათა კოლოფით სპორტული ავტომობილები მზადდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მფლობელისა და სატრანსპორტო საშუალების უშუალო კონტაქტს. არსებობს უამრავი ტესტი, კვლევა და ფაქტი იმის შესახებაც, რომ მძღოლი, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფით მართავს ავტომობილს, ბევრად უფრო ყურადღებიანი და მობილიზებულია, რაც საავარიო სიტუაციებიდან თავის ადვილად დაღწევაში ეხმარება…

რას უნდა მივაქციოთ ყველაზე მეტი ყურადღება მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის დროს? გთავაზობთ 5 საინტერესო რჩევას…

 

არასდროს დატოვოთ ფეხი კონუსზე (სცეპლენიაზე)

მძღოლების უმეტესობას, სიჩქარის შეცვლიდან შეცვლამდე ფეხის კონუსზე დატოვება უყვარს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ეცადეთ როგორც კი სიჩქარეს შეცვლით, ფეხი მოაშოროთ კონუსს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონუსზე ფეხი ოდნავ მაინც დარჩება, ის მუშა მდგომარეობაში რჩება და კონუსის დისკს აზიანებს. რაც საბოლოო ჯამში, კონუსის დისკის გახშირებულ ცვეთასთან, გატეხვასთან, ან გაბზარვასთან არის დაკავშირებული. მისი შეცვლა ან რესტავრირება კი ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა…

ასე, რომ თუ თქვენ ახალბედა და თანაც მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მძღოლი ბრძანდებით, დაივიწყეთ კონუსზე ფეხის დატოვება…

 

 

არასდროს შეცვალოთ სიჩქარე 3,4, ან 5-ე საფეხურზე ძრავის დაბალი ბრუნვის პირობებში

მაქსიმალურად ეცადეთ მოერიდოთ სიჩქარის მაღალი საფეხურის გამოყენებას, ძრავის დაბალი ბრუნვის პირობებში. მაგალითად: თუ თქვენ 50კმ/სთ საათი სიჩქარით მოძრაობთ, ნუ იჩქარებთ მე-4-ე, ან მე-5-ე საფეხურის გამოყენებას, რადგან ასეთ დროს, გადაცემათა კოლოფს ყველაზე დიდი ზიანი ადგება.

ალბათ ყველას შეგვიმჩნევია, რომ დაბალი ბრუნვის პირობებში მაღალი საფეხურის გამოყენებისას ავტომობილი ერთიანად როგორ ძაგძაგებს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც გადაცემათა კოლოფი ყველაზე მეტად ზიანდება.

თუ თქვენ მექანიკური გადაცემის მქონე ავტომობილის მძღოლი ბრძანდებით, იქნება შემთხვევები, როდესაც ავტომობილი ძაგძაგს დაიწყებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძრავის დაბალი ბრუნვის პირობებში, თქვენ მაღალი საფეხური გამოიყენეთ. ეცადეთ, ნაკლებად დაუშვათ ასეთი შეცდომა, სხვა შემთხვევაში, დააზიანებთ კოლოფის გამნავლობის რესურსს, კონუსის დისკსა და მიმჭერ საკისარს (ვიჟიმნოი პადშებნიკს)

 

 

ნუ მოიყვანთ მუშა მდგომარეობაში კონუსს, მაშინ როცა უძრავად დგახართ

მძღოლების უმეტესობას, მათ შორის გამოცდილებსაც ერთი ცუდი თვისება ახასიათებთ, რაც ავტომობილის უძრავ მდგომარეობაში კონუსის მუშა მდგომარეობაში მოყვანაში გამოიხატება.

ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან სატერფულზე ფეხის დადგმით, ჩვენ მიმჭერი საკისარი მოგყვავს მუშა მდგომარეობაში, რომელიც კონუსის დისკს ”ჭამს”. სწორედ ასეთ დროს იღებს ყველაზე დიდ დატვირთვას გადაცემათა კოლოფი და საერთო ჯამში, სერიოზული დაზიანებებითაც მთავრდება.

ასე რომ, თუ გნებავთ გადაცემათა კოლოფი დაზიანებებისგან მაქსიმალურად დაიცვათ, კარგი იქნება, თუ ამ ჩვევას გადააგდებთ და ავტომობილის უძრავ მდგომარეობაში ყოფნის დროს, კონუსის სატერფულს საერთოდ არ შეეხებით.

 

 

გამოიყენეთ ნეიტრალური სიჩქარე შუქნიშანზე

შუქნიშანზე გაჩერებისას ნუ დატოვებთ გადაცემათა კოლოფს მუშა მდგომარეობაში, რადგან ასეთ დროს მას ძალიან დიდი ზიანი ადგება. საქმე იმაში გახლავთ, რომ ასეთ დროს მთელი გადაცემათა კოლოფი დიდი დატვირთვით მუშაობს. ლოგიკურია, რომ ასეთ დროს სატერფულზე ფეხი გვაქვს მიჭერილი რათა ავტომობილი არ ჩაქრეს, სწორე ასეთი მდგომარეობა აზიანებს კონუსის დისკსა და მიმჭერ საკისარს.

ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჩვევად გადაიქცევთ შუქნიშანზე ნეიტრალური სიჩქარის გამოყენებას. ასეთ შემთხევებში ამოსუნთქვის საშუალებას მისცემთ გადაცემათა კოლოფს და აგრეთვე საკუთარ თავსაც…

 

 

არასდროს დატოვოთ ხელი გადაცემათა კოლოფზე

გაგიკვირდათ? მაგრამ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რჩევაა, რადგან ეს ჩვევა შეიძლება გადაცემათა კოლოფის დაზიანებით დასრულდეს.

თუ თქვენ ხშირად ტოვებთ ხელს გადაცემათა კოლოფზე, ეს ძალიან აზიანებს მას, რადგან ამ დროს თქვენ თავად ტვირთავთ ზედმეტად. შესაბამისად, გადაცემათა კოლოფს მექანიკურ ზიანს აყენებთ, რაც შეიძლება კოჟუხის, ან კბილანების დაზიანებით დასრულდეს.

თუ თქვენი ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად მუდმივ რეჟიმში უნდა გქონდეთ ხელი მოკიდებული მასზე. ეცადეთ, გადაცემათა კოლოფს ხელი მხოლოდ მაშინ შეახოთ, როდესაც ეს მართლაც საჭიროა. ასეთ დროს, მექანიკური დაზიანების შანსი თითქმის მინიმუმს უტოლდება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები