კომპანია MG, რომელიც დღეს ჩინურ კონცერნ SAIC-ის შემადგენლობაში შედის, სრულიად ახალ ელექტრომობილს ამზადებს. მწარმოებელმა უკვე გამოაქვეყნა პირველი თიზერ-ფოტო, თუმცა სხვა ტექნიკური დეტალები ამ ეტაპზე არ გაუმხელია.
გამოცემა CarNewsChina-ს ინფორმაციით, ახალ ელექტრო მოდელს ექნება სედანის ან ლიფტბეკის ტიპის ძარა და ის ერთგვარი ელექტრული ალტერნატივა გახდება ამჟამინდელი MG 7-ისთვის. არაოფიციალური მონაცემებით, სიახლე კონკურენციას გაუწევს ისეთ პოპულარულ მოდელებს, როგორებიცაა Xiaomi SU7 და Tesla Model 3.
გამოქვეყნებულ თიზერზე ჩანს ელექტრომობილის დინამიკური პროფილი – გამოკვეთილი ბორბლების თაღები და ნახევრად ჩამალული კარის სახელურები.
დიზაინის მხრივ, ახალი მოდელი გარკვეულწილად ჰგავს როგორც MG 7-ს, ისე SAIC-ის კიდევ ერთ ავტომობილს – Z7-ს. ამასთან, მსგავს პროფილს ვხვდებით Xiaomi SU7-სა და თუნდაც Porsche Taycan-ზე, რაც მიუთითებს, რომ ბრენდი თანამედროვე ელექტრო სედანების საერთო სტილისტიკას მიჰყვება.
ამჟამად MG 7 ჩინეთის ბაზარზე მხოლოდ ბენზინის ძრავებით არის ხელმისაწვდომი – 1,5 და 2,0 ლიტრიანი აგრეგატებით, რომლებიც 190 და 261 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. მოდელს აქვს 7 საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი ან 9 საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, ხოლო ფასი იწყება 137 900 იუანიდან და აღწევს 178 900 იუანამდე.
აღსანიშნავია, რომ მსგავს სეგმენტში ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს ბრენდი Jetta-ც, რომელიც ამჟამად რეორგანიზაციის პროცესშია. კომპანიის ახალი ხაზის ფარგლებში ბაზარზე შესაძლოა ხუთამდე ელექტრიფიცირებული მოდელი გამოჩნდეს.