ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკისა და ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი.
როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ბანკში განუცხადეს, ტენდერის პირობების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტში ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდა. მითითებული თარიღიდან გაეშვება განახლებული სისტემა.
შეგახსენებთ, გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.