საუკუნის სენსაცია შედგა: ლესტერი ჩემპიონია.
მსოფლიო ფეხბურთში ასობით და ათასობით სენსაციური შედეგის მოყვანა შეიძლება. რამდენი მნიშვნელოვანი თამაში წაუგიათ ფავორიტებს, რამდენჯერ მოუგიათ სუსტებს როგორც ცალკეული თამაშები, ასევე ტურნირები, მაგრამ ის, რაც ინგლისის მოკრძალებულმა გუნდმა „ლესტერმა“ გააკეთა, მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა დაა თავისუფლად შეიძლება ჩავწეროთ ყველაზე მოულოდნელი შედეგების რიცხვში. „ლესტერმა“ დაატრიალა არნახული სენსაცია, რასაც ალბათ წლების შემდეგაც კი თავად „მელიების“ გულშემატკივრებიც ვერ დაიჯერებენ.
არაერთი, მართლაც ბევრი ფაქტის მოყვანა შეიძლება, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონი ისეთი გუნდი გამხდარა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ელოდებოდნენ, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. „ბოსმანის წესის“ ამოქმედებამდე ფეხბურთი სხვა თამაში იყო, მას შემდეგ კი ყველაფერი გადასხვაფერდა და რეალობა რადიკალურად შეიცვალა. ახლა საფეხბურთო ბატონობა ფულიანმა კლუბებმა ჩაიგდეს ხელში და სულ უფრო იშვიათია „აიაქსის“, „ბენფიკას“, „სტიაუას“ და მსგავსი გუნდების წარმატებები. ყველა ძლიერი ფეხბურთელი და ვარსკვლავი (მეტიც, ახალგამოჩეკილი ტალანტიც კი) რამდენიმე გუნდშია გადანაწილებული და შედარებით სუსტებს მათთან ტოლ-სწორად შეჯიბრის შნო აღარ აქვთ. ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველას შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს მოუგოს, მაგრამ თითქმის წარმოუდგენელია გრძელვადიან, მთელ სეზონზე (წელიწადზე) გაწელილ ტურნირში წარმატების მიღწევა. დიდ გუნდებს აქვთ ბევრად დიდი რესურსი (თუნდაც სათადარიგო სკამი) და საბოლოოდ წარმატება ერთ-ერთ მათგანს რჩება. „ლესტერმა“ კი შეძლო და ამხელა მარათონში სტაბილური ასპარეზობით ერთბაშად ჩამოიტოვა ლონდონური და მანჩესტერული გრანდები (სიტი და იუნაიტედი, ტოტენჰემი, ჩელსი, არსენალი), სტაბილურად ითამაშა კერკეტ შუადგილოსნებთან, არ დაკარგა ქულები გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდებთან და მიაღწია იმას, რისი არ ჯეროდა დედამიწის ზურგზე არავის.
„ლესტერი“ არა მარტო ინგლისის ყველა დროის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონი გახდა, „ლესტერმა“ თავდაყირა დააყენა თანამედროვე ფეხბურთის ფილოსოფია და მიმდინარეობა: ფული არ წყვეტს ყველაფერს, ყველაფერს წყვეტს განწყობა, ენთუზიაზმი, გუნდურობა, მიზანდასახულობა, შრომა, სწორი მიდგომა…
„ლესტერმა“ აჩვენა, რომ ბრძოლით შეიძლება ნებისმიერი მონსტრის დამარცხება, რომ შანსი ყოველთვის და ყველას აქვს…
„ლესტერი“ მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მისაბაძი მაგალითია…