მსოფლიოს 60 ათასზე ნაკლები უმდიდრესი ადამიანი – რაოდენობა, რომელიც ფეხბურთის სტადიონის ტევადობას უტოლდება, ფლობს აქტივებს, რომლებიც აღემატება პლანეტის მოსახლეობის ნახევრის ერთობლივ ქონებას. ანგარიშის ავტორების მონაცემებით, გლობალური ელიტა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 0.001%-ს შეადგენს, აკონტროლებს კაპიტალს, რომელიც სამჯერ აღემატება ქვემოთ მყოფთა 50%-ის რესურსებს. ამის შესახებ Euro News წერს.
ამასთან, ყველაზე მდიდარი ფენის წვლილი სახელმწიფო ბიუჯეტებში მინიმალურია. საგადასახადო განაკვეთები მოქალაქეთა უმრავლესობისთვის იზრდება, თუმცა მცირდება მილიარდერებისა და ტრილიონერებისთვის. მათგან განსხვავებით, საშუალო ფენის წარმომადგენლები – ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, იძულებულნი არიან შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადასახადების სახით გადაიხადონ.
მასალა გენდერულ დისბალანსსაც აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სამუშაო დრო ზოგადად შემცირდა, ძირითადი სარგებელი ამისგან მამაკაცებმა მიიღეს, მაშინ როცა ქალები კვლავ მაღალი დატვირთვით მუშაობენ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქალები შრომითი შემოსავლების მხოლოდ ერთ მესამედს იღებენ. მსოფლიოს არც ერთ რეგიონში არ არის მიღწეული 50/50 ბალანსი. განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამხრეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რიგ ქვეყნებში, სადაც ქალებზე შრომითი შემოსავლების მეოთხედზე ნაკლები მოდის.