ნაძალადევის რაიონში ნაქალაქევის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა. ასფალტის საფარი 2400 კვადრატულ მეტრზე დაიგო. გამოიცვალა წყლის ქსელები, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ნაქალაქევის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების დასრულების პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„აქ დაახლოებით 40 წელია გზის სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქუჩის მეორე ნაწილის სამუშაოების დასრულება მოსახლეობისთვის. პარალელურად სხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია და მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას უკვე საშუალება ექნება ახალ და კეთილმოწყობილ გარემოში იცხოვროს.“ განცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
მიმდინარე 9 თვის მონაცემებით ნაძალადევის რაიონში ასფალტის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე შესრულდა. საერთო ჯამში რეაბილიტაცია დასრულდა და მიმდინარეობს 40 ქუჩაზე, რაც წინა წლების მაჩვენებელს დაახლოებით 3 ჯერ აღემატება.