ნიდერლანდებში დაიწყო კამპანია, რომლის მიზანია შეაგროვონ თანხა როტერდამის ყველაზე ცნობილი საახალწლო ფეიერვერკისთვის, რომელიც ერაზმას ხიდზე იმართება ხოლმე. ქალაქის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი შეამცირა და ამ სანახაობას ვეღარ აფინანსებს. შესაბამისად, ახლა საჭიროა 1,2 მილიონი ევროს მოგროვება, რათა 15-წლიანი ტრადიცია არ შეწყდეს, წერს NL Times-ი.
როტერდამის ფეიერვერკი იმდენად პოპულარულია, რომ მას ყოველთვის პირდაპირ ეთერში გადასცემს ნიდერლანდური არხი RTL, ხოლო თავად ქალაქში სანახაობას დაახლოებით 60 ათასი ადამიანი ესწრება. ღონისძიებამდე სტუმრებს შეუძლიათ მოისმინონ მუსიკალური ჰიტები და დააგემოვნონ ოლიბოლენი — ტრადიციული ჰოლანდიური საახალწლო ტკბილეული.
ეროვნული ფეიერვერკების ფონდი, რომელიც თანხის შეგროვებას კურირებს, ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ დღესასწაული არ არის, არამედ სოციალური მოვლენაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. გარდა ამისა, ერაზმას ხიდზე მოწყობილი შოუ უსაფრთხოების გარანტიაცაა, რადგან მაღაზიებში გაყიდული ჩვეულებრივი პიროტექნიკა ხშირად უხარისხოა და დიდი რისკია ტრავმების, განსაკუთრებით ბავშვებში.
ფონდის განცხადებით, თუ კამპანია 1,2 მილიონ ევროზე მეტს მოაგროვებს, დარჩენილი თანხა მომდევნო წლის ღონისძიებას მოხმარდება.