LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში წყალბადზე მომუშავე უპილოტო აპარატმა პირველი ფრენა წარმატებით შეასრულა

108
ნიდერლანდებში წყალბადზე მომუშავე უპილოტო აპარატმა პირველი ფრენა წარმატებით შეასრულა

ნიდერლანდების სამეფო აეროკოსმოსურმა ცენტრმა (NLR) წარმატებით ჩაატარა პირველი საცდელი ფრენა თხევად წყალბადზე მომუშავე უპილოტო საფრენი აპარატით – რაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიურად სუფთა ავიაციის განვითარებისთვის.

სადემონსტრაციო აპარატი ჰაერში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ჰიბრიდული სისტემა ენერგიას იღებდა წყალბადის წვის შედეგად, რაც საშუალებას აძლევდა ძრავებს ეფექტურად ემუშავათ. მეცნიერების თქმით, წყალბადზე მომუშავე დრონებს შეუძლიათ ბევრად უფრო გრძელი დისტანციების დაფარვა, ვიდრე სხვა ტიპის საწვავზე მომუშავე მოდელებს.

წყალბადის გამოყენება ავიაციაში სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან კომპანიები ცდილობენ შეამცირონ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი და უპოვონ ალტერნატივა ნავთობზე დაფუძნებულ საწვავებს. ამ შემთხვევაში დრონის ერთადერთი გამონაბოლქვი წყლის ორთქლია.

ამ დროისთვის წყალბადზე მომუშავე საფრენი აპარატები მხოლოდ კვლევით ან საცდელ სტადიაში არიან – მასობრივი წარმოება ჯერ ძალიან შორსაა. თუმცა, ექსპერტების აზრით, უპილოტო ტექნოლოგიები იდეალურია ექსპერიმენტებისთვის, რადგან ისინი უფრო იაფია და ზომითაც მცირეა.

მსგავსი ტესტები უკვე ჩატარდა გერმანიასა და სლოვენიაში: 2023 წელს კომპანია H2fly-მ და Pipistrel-მა თხევად წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის საცდელი ფრენა ერთობლივად განახორციელეს.

მიუხედავად იმისა, რომ წყალბადი ადვილად აალებადია და მცირე ენერგიაც საკმარისია ანთებისთვის, NLR-ში აცხადებენ, რომ სათანადო უსაფრთხოების პირობებში ის არც ერთ სხვა საწვავზე უფრო საშიში არ არის.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა 2020 წელს წამოიწყო ინიციატივა RefuelEU, რომლის მიზანიცაა ავიაციისთვის „მწვანე“ საწვავის შემუშავება, მათ შორისაა – ბიო საწვავი, ელექტროენერგია და წყალბადი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები