LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრის ტესტები: ჰეიგის 30 რჩეული

29

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ის 30 მორაგბე შეარჩია, რომელთა იმედიც ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ექნება. ამ სიას ემატება 5 სარეზერვო მოთამაშე, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელების ჩანაცვლებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ 12 და 19 ნოემბერს, თბილისში, შესაბამისად იაპონიასა და სამოას ვმასპინძლობთ, ხოლო 26-ში შოტლანდიას კილმარნოკში ვეწვევით. ორივე საშინაო თამაში მესხის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და მათი ფასი 3, 5 და 10 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ბმულზე TKT.GE/Rugby

2016 წელს „ბორჯღალოსნებმა“ რვა თამაში ჩაატარეს, აქედან 7 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. შედეგად, გუნდი მსოფლიო რეიტინგში აღზევდა სარეკორდო მე-11 ადგილზე. გუნდი მიზნად წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მოწინავე 10-ეულში დამკვიდრებას ისახავს.

უშუალოდ მზადებას რაც შეეხება, სამწვრთნელო შტაბი ორი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდა, ხოლო 38-კაციანმა გაფართოებულმა რაზმმა გასულ კვირაში ტულუზში სამდღიანი შეკრება გაიარა. შეკრების დასრულების შემდეგ, მწვრთნელმა ამ ეტაპზე სამი მოთამაშე დაითხოვა – კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მესამე ხაზელი გიორგი მჭედლიშვილი და მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, ხოლო ხუთი თადარიგში გადაიყვანა – ვეტერანი მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე, რომელიც ყვრიმალის ძვლის ტრავმას იშუშებს, მესამეხაზელები ბექა გორგაძე და საბა შუბითიძე, ჰავბექი ვაჟა ხუციშვილი და გარემარბი გიორგი ფრუიძე.

ამრიგად, 30-კაციან რაზმში სამი უკეპო მოთამაშე დარჩა – უკანახაზელები ანზორ სიჭინავა, გიორგი კოშაძე და კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

2015 წლის შემდეგ, გუნდს უბრუნდება ვასილ კაკოვინი, რომელმაც მსოფლიო თასი გამოტოვა. ივნისის ოკეანეთის ტურნეზე დაგვაკლდნენ და ამჯერად შეკრებაზე არიან მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, დუდუ ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი.

რაზმის დასახელებისას ჰეიგმა განაცხადა: „მაქვს პატივი ნოემბრის ტესტებზე უაღრესად გამოცდილი რაზმის იმედი მქონდეს. შემადგენლობაში სამი ადგილი ახალგაზრდა მორაგბეებისთვისაც გამოინახა. მათ ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ვარჯიშებს დამატებით ენერგიას შემატებენ.

წინ სამი ურთულესი თამაში გველის და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად, რადგან იაპონიამ, სამოამ და შოტლანდიამ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდები არიან. მათი შესრულებით არაერთი სენსაციის მომსწრენი გავმხდარვართ და გულშემატკივრებთან ერთად, ძალთა სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ.

გასულ კვირაში, ტულუზში, სამდღიანი ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მოთამაშეებმა უმოკლეს დროში მოახერხეს სისტემების გათავისება და ჩვენი, როგორც მწვრთნელების იმედები გაამართლეს. ფიზიკურად ყველა მორაგბე იდეალურ ფორმაშია და ეს წარმატებული კამპანიის დასაწყებად მშვენიერი წინაპირობაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები