ცნობილმა გერმანელმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა ჟურნალისტებს საკუთარი ხედვა გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ბუნდესლიგა (ან თუნდაც ზოგადად ფეხბურთი) მაყურებლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. ერთ დროს თვით მიუნხენის ”ბაიერნის” თავკაცი და ამჟამად 62 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა ნულოვანი ფრის შემთხვევაში გუნდების საერთოდ უქულოდ დატოვებაა.
“ქულათა დარიცხვის საკითხში ცვლილებები, შესაძლოა, კარგი იდეა იყოს – არ მივცეთ ქულები გუნდებს ნულოვანი ფრის დროს. შედეგიანი ფრის შემთხვევაში კი იყოს თითო ქულა, როგორც ეს ამჟამადაა. ამით გუნდებს ვაიძულებთ, გატანაზე უფრო მეტი იზრუნონ და აღარ იქნებიან კონცენტრირებულნი დაცვაზე და ანგარიშის შენარჩუნებაზე”, – ციტირებს მაგათის შეხედულებებს tz.