ლატვიაში ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა, ამიერიდან ავტომობილის გარბენის შეცვლა ოდომეტრზე ჯარიმით ისჯება. დასჯადია როგორც გარბენის მომატება, ისე მოკლება. შესწორების მიხედვით, ლატვიაში ფიზიკური პირები ოდომეტრის მაჩვენებლის ფალსიფიკაციისათვის 100 ევრომდე დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 1000 ევრომდე. მათთვის, კი ვინც ავტომფლობელებს ასეთ მომსახურებას გაუწევენ, უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. ფიზიკური პირები 200 ევრომდე, ხოლო იურიდიული პირები 2000 ევრომდე დაჯარიმდებიან.
აღნიშნული ზომები ავტომობილის გაყიდვისას გარბენის ჩამოყრის გამო მიიღეს. ლატვიის სეიმის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, დაჯარიმდებიან არა მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ავტომფლობელები, არამედ ყიდვა-გაყიდვის გარიგება ბათილად ჩაითვლება.