ბრენდი Ora ამ ეტაპზე მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს. ელემენტებზე მომუშავე აღმოჩნდა მისი პირველი კროსოვერიც – Ora 5, რომელიც ნოემბერში წარადგინეს. თუმცა გაყიდვების დაწყებამდე კომპანიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მოდელის ძრავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაფართოვდება. დროთა განმავლობაში Ora 5 მიიღებს როგორც სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ სისტემებს, ასევე ტრადიციულ შიდა წვის ძრავას.
კომპანიას ჯერჯერობით არ დაუზუსტებია ახალი ძალოვანი აგრეგატების ტექნიკური მახასიათებლები. თუმცა გამოცემა AutoHome ვარაუდობს, რომ რადგან Ora ეკუთვნის კონცერნ Great Wall Motors-ს, ახალი ძრავები უკვე ბაზარზე არსებულ მოდელებიდან იქნება ნასესხები.
გამოცემის ინფორმაციით, ჰიბრიდული სისტემის დონორი შესაძლოა გახდეს Haval H6. ამ მოდელს აქვს ჰიბრიდული დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს 243 ცხენის ძალას და 530 ნმ ბრუნვის მომენტს.

რაც შეეხება სრულად ბენზინზე მომუშავე ვერსიას, მასაც იგივე მოცულობის – 1,5 ლიტრიანი — ძრავით აღჭურავენ, რომელიც ასევე H6L-ზე გამოიყენება და ფართოდ არის გავრცელებული GWM-ის სხვა მოდელებშიც. მისი სიმძლავრე შეადგენს 184 ცხენის ძალას და 275 ნმ-ს, ხოლო ტრანსმისია – შვიდსაფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია.
ძრავების არჩევანის გაფართოებასთან ერთად მოსალოდნელია Ora 5-ის საწყისი ფასის შემცირებაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ბაზრისთვის ის ისედაც დაბალია. წინასწარი შეკვეთების მიღების დაწყებიდან გაყიდვების სტარტამდე კროსოვერი უკვე 10 ათასი იუანით გაიაფდა და ამჟამად მისი ფასი მერყეობს 99,8-დან 133,8 ათას იუანამდე.
4,4 მეტრის სიგრძის Ora 5 ამჟამად ხელმისაწვდომია ერთი ელექტრო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 204 ცხენის ძალას და 260 ნმ-ს. ელემენტის ტევადობის მიხედვით, ავტომობილი ერთ დამუხტვაზე შეძლებს 480 ან 580 კილომეტრის გავლას.