საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს მალე ორი მატჩი ელოდება (ერთა ლიგაზე ესტონეთთან და ჩრდ მაკედონიასთან). საწვრთნელ პროცესში 1 სექტემბრიდან 25 ფეხბურთელი ჩაერთო, დღეიდან კი ორჯერადი ვარჯიშებია.
ნაკრებთან ერთად არ არის გრაცის “შტურმის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი. ის ვლადიმირ ვაისმა გამოიძახა, თუმცა შემდეგ გაცხადდა, რომ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო.
თუმცა ავსტრიული მედია, და თავად “შტურმის” გვერდი, წერს, რომ გუნდს უახლოეს პერიოდში სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება, მათგან ერთი სწორედ კიტეიშვილია, რომელთაც კორონავირუსზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდათ.
“ფილიპ ჰუსპეკი და ოთარ კიტეიშვილი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობენ, რადგან მათმა ტესტებმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა”, – დაწერა ცოტა ადრე საიტმა sturmnetz.at-მა.
სასიხარულოა, რომ “შტურმის” მწვრთნელის განცხადებით, ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. მეტიც, კრისტიან ილცერის თქმით, ერთმა მათგანმა უკვე დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში, მეორეც სულ მალე განაახლებს.
“შტურმა” ჯერ კიდევ აგვისტოში დაადასტურა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ჯერ ერთ ფეხბურთელს მოუვიდა, შემდეგ მეორეს, თუმცა მათი გვარები არ გახმაურებულა.