ავტომობილის სახელი ისტორიას რჩება, თუ მას საჭირო დროს და საჭირო ადგილას კაშკაშა ვარსკვლავები ქმნიან. ავტომობილს სახელად “პირს ეროუ” ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა. 1900 წელს მეწარმე ჯორჯ ნორმან პირსმა თვითმავალი ეტლების აგება დაიწყო. შემდეგ კი, ავტომოყვარულებს 2-ცილინდრიანი მოდელი “ეროუ” ანუ “ისარი” შესთავაზა. “როლს-როისივით” ის ფსონს იდეალურობაზე დებდა. ავტომობილს ძრავა საოცრად მძლავრი, დიზაინი კი, ფეშენებელური ჰქონდა. ამ ყველაფერს რამდენიმე მოგებული რბოლა, კარგი სარეკლამო კამპანია და ბუფალოში მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნა მოყვა. მალე 4-ცილინდრიანი “გრეით ეროუ” დაიბადა, 1909 წელს კი 6-ცილინდრიანი მოდელი, რომელიც სიჩქარეს 97 კილომეტრ საათამდე ანვითარებდა. “ბიძია სემი” დიდ ამერიკულ ავტომობილს ელოდა და პირსმა მას ეს მოლოდინი არ გაუცრუა. მოდელი “66 ეიჩ პი” იმ წლებში ძრავის სიძლიერით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. 1910 წელს პრეზიდენტმა უილიამ ტაფტმა თეთრი სახლისთვის ორი “პირს ეროუ” შეიძინა. მომდევნო პრეზიდენტებიც მისგან მაგალითი აიღეს. “ისრებმა” 30-იანი წლების ბოლომდე პენსილვანია-ავენიუს საჯინიბოში ღირსეული ადგილი დაიკავეს.
“პირსი” ამერიკის ყველაზე მოდურ და დახვეწილ საავტომობილო ბრენდად იქცა. ეს ნამდვილად საოცარი ავტო იყო – ლამაზი, თვითნაბადი და პრეტენზიული. ის ანდამატივით იზიდავდა როკფელერს და ჩაპლინს, იაპონელ იმპერატორს, მაღალი საზოგადოების წევრებს. 1915 წელს კომპანიამ 12 ათასი ავტომობილი გამოუშვა. ამ შედეგით, იგი იმ ბრენდებს შორის, რომლებიც “ლუქსერი კლასზე” მუშაობდნენ პირველ ადგილზე აღმოჩნდა. “პირს ეროუ” ერთ-ერთი პირველი ამერიკული ავტომობილი გახდა, რომელიც ნიკოლოზ მეორეს ფარეხში მოხვდა. 1917 წელს დიდი მეფის ავტოპარკი დროებით მთავრობას ჩაუვარდა ხელში. თავიდან ბოლშევიკები უფრო “როლს როისს” ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კრემლში “იანკები” გამეფდნენ – “ეროუ” და “პაკარდი”. პირსის მიერ გასროლილი ისარი კი, სულ უფრო შორს იწევდა.
1933 წლის მსოფლიო საავტომობილო გამოფენას მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ამერიკელები არ დაცემულან. კომერსანტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ხსნას თამამ პროექტებში და ტექნოლოგიების განვითარებაში ხედავდნენ. შესაძლოა სწორედ ამან გადაარჩინა ქვეყანა. გამოფენის ჰიტი “სილვერ ეროუ” გახდა. “ვერსცხლიფერი ისარი” სივრცეში გასროლილ ჰაერის მოლივლივე ნაკადებს გავდა. მან 14 საერთაშორისო და 65 ეროვნული რეკორდი დაამყარა. სამწუხაროდ, მოდელი არარეალურად ძვირი, 10 ათასი დოლარი ღირდა. ის დამარცხებისთვის განწირული აღმოჩნდა. კომპანია გაკოტრდა და “სტუდებეკერის” მფლობელობაში აღმოჩნდა.
თუმცა, “ეროუ” ყველას უყვარდა და მის გადასარჩენად ძალებს არავინ იშურებდა. ამის მიუხედავად, ამ არაამქვეყნიურ ავტომობილებზე მოთხოვნილება ნულამდე დავიდა. 1938 წელს “პირსში” კიდევ ერთი, უკანასკნელი მოდელი გამოუშვეს. “გასროლილი ისარი” კი, ამერიკული ავტოწარმოების მასშტაბებს გასცდა და სხვა განზომილებაში გადაინაცვლა.