პოლონეთი იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც სამუშაო კვირის შემცირებას გულისხმობს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გადავიდნენ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე, ექვს საათიან სამუშაო დღეზე ან მიიღონ დამატებითი შვებულების დღეები – ყოველივე ეს ხელფასის შემცირების გარეშე. სიახლის შესახებ euro news წერს.
პროგრამა განკუთვნილია იმ კერძო კომპანიებისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას ნებაყოფლობით გადაწყვეტენ. მთავარი პირობაა, რომ დამსაქმებელმა თანამშრომელთა ხელფასი შეინარჩუნოს და შტატიც არ შეამციროს.
ექსპერიმენტი 2027 წლამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ხელისუფლება შეაფასებს, თუ როგორ აისახება სამუშაო დროის შემცირება პროდუქტიულობაზე, ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.
მსგავსი ინიციატივები უკვე დატესტილია პოლონეთის ზოგიერთ ქალაქსა და ცალკეულ საწარმოებში. შედეგებმა აჩვენა, რომ თანამშრომლები ნაკლებად იღლებოდნენ, ხოლო მათი ეფექტურობა არ იკლებდა.
თუ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, პოლონეთმა შესაძლოა სამუშაო დროის მოქმედ სტანდარტებს გადახედოს.