ჩეხეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენში მალე უპილოტო მატარებლები გამოჩნდება. ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სიახლე დასაწყისისთვის 4 ხაზიდან ორს მოიცავს და პირველი უპილოტო მატარებელი ხაზზე 2029 წლიდან გავა. სიახლის შესახებ Cities Today წერს.
ავტომატიზაციის დამსახურებით, მატარებლებს შორის ინტერვალები შემცირდება და მეტროპოლიტენი ბევრად მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. უფრო ზუსტად, გამტარობა 20%-ით გაიზრდება, შემცირდება ასევე სხვადასხვა ხარჯები, რაც ქალაქს წლიურად 30 მილიონი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.
დამატებით უსაფრთხოების ზომებს მიმართავენ იმ სადგურებზე, სადაც უპილოტო მატარებლები იმოძრავებენ. დამონტაჟდება დამცავი კედლები კარებით, რომელიც მხოლოდ მაშინ გაიხსნება როცა სადგურს მატარებელი მოუახლოვდება.