LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი “სითი-პარკის” წინააღმდეგ

17

კომპანია “სითი-პარკი” მერიასთან ხელშეკრულების გაუქმებას არ აპირებს. თუკი მერია ამას ცალმხრივად მოინდომებს, მას სასამართლო დავა ელის, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა ოდენობის ჯარიმა უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ არ იციან, თუ საიდან მოიტანეს საკრებულოს დეპუტატებმა, თითქოს მერიას 25 მილიონი ლარი ექნება გადასახდელი და დასძენენ, რომ თანხა შეიძლება ბევრად მეტიც იყოს, რადგან “სითი-პარკი” კონტრაქტით დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს და მერიას მასთან ხელშეკრულების გაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

აღნიშნულ საკითხზე მერია საკრებულოსთან მსჯელობის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. თუმცა, როგორ აღმოჩნდა, “სითი-პარკისათვის” თანხის გადახდის თაობაზე თავად საკრებულოს დეპუტატებშიც აზრთა სხვადასხვაობაა. ყველა თანხდება იმაზე, რომ კომპანია “დედაქალაქს უნდა მოშორდეს”, ოღონდ ამისათვის მიზანშეწონილად სხვადასხვა გზა მიაჩნიათ.

მოგეხსენებათ, “სითი-პარკის” გარშემო პრეტენზია მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა კომპანიას დედაქალაქში პარკირების მოწესრიგების საკითხი ჩაბარდა, მაშინდელი ოპოზიცია ამას აქტიურად აპროტესტებდა. არაერთხელ გაიმართა აქციებიც სხვადასხვა ჯგუფის ორგანიზებით.

დეპუტატების მოთხოვნა

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნით დედაქალაქის ახალ მმართველობას არაერთხელ მიმართეს. ამჯერად ინიციატივა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა და “რესპუბლიკელების” წარმოამდგენელმა დავით ზურაბიშვილმა წამოაყენეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გააცნეს იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის თანხა ჩარიცხა კომპანია “სითი პარკმა” თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 2014 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა დავით ნარმანია ქალაქის მერი გახდა, “სითი პარკმა” თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან 62 მილიონი ლარი ამოიღო. თბილისის ბიუჯეტში კი აქედან 18 მილიონი ლარი ჩარიცხა, ხოლო 43 მილიონზე მეტი “სახლში წაიღო”.

ელისაშვილის თქმით, “სითი პარკს” არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი და არაფერი დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის.

“მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით. მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ სახლში წაიღო 31 მილიონი ლარი,” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ელისაშვილმა.

დეპუტატები მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება “სითი პარკთან”, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში აისახოს და მომავალი ერთი წლის განმავლობაში პარკირება მერიამ მართოს. შემოსული თანხა კი დედაქალაქის პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდეს.

იქიდან გამომდინარე, რომ “სითი პარკთან” დადებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლამდე აქვს, ელისაშვილი აცხადებს, რომ კომპანია “მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონ ლარის ამოიღებს”.

საიდან მოვიტანოთ 25 მილიონი

თემას დედაქალაქის მერი მალევე გამოეხმაურა. დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, რადგან ამას მეტი არგუმენტი სჭირდება. მას ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისაგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუკი პარკირების ადმინისტრირებას თავად მერია განახორციელებს.

ნარმანიას თქმით, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს საკრებულოში წარადგენს, დიდი სიამოვნებით მოისმენს დეპუტატების კონკრეტულ მოსაზრებებს და გაანგარიშებებს, თუ რას მოაკლონ თანხები, რათა “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მერიამ მას პირგასამტეხლო 25 მილიონი ლარი გადაუხადოს.

“ვფიქრობ, რომ ქალაქი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს და ათობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს…ჩვენი წინამორბედების მიერ “სითი პარკთან” კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, “სითი პარკის” ინვესტიცია არის მხოლოდ და მხოლოდ საღებავი, რომლითაც ისინი ქუჩებს ხაზავენ და 5 თუ 6 ევაკუატორი, რომლითაც ავტომობილები საჯარიმო სადგომზე გადაჰყავთ. გამოსავალად კი მას “კაბალური ხელშეკრულების” გამფორმებლებისათვის პასუხის მოთხოვნა მიაჩნია.

“როდესაც ბიუჯეტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ 25 მილიონი ლარი გადავუხადოთ “სითი პარკს”, გამოვივისყიდოთ მისგან კონტრაქტი, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, როდესაც არ არის შესაბამისი ბერკეტები, უმჯობესია პასუხი მოვთხოვოთ იმ ხალხს, რომლებმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს.

“ასე რომ, საკრებულოს ამ წევრების ადგილას მივუბრუნდებოდი იმ ადამიანებს და პასუხს მოვთხოვდი. როდესაც საკრებულოში მივალთ, მოვუწოდებ მათ, მიუბრუნდნენ თავიანთ კოლეგებს, რომლებმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს თავის დროზე “სითი პარკთან”. დარწმუნებული ვარ, ერთად მოვთხოვთ მათ პასუხს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თუმცა რას გულისხმობს პასუხის მოთხოვნაში და რამდენად შეიძლება ამას შედეგი ჰქონდეს, მერს არ განუმარტავს.

კომპანიის პასუხი

“სითი-პარკში” მორიგ ბრალდებებს მშვიდად ხვდებიან და ამბობენ, რომ მათ შესახებ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია ხშირად მიეწოდება. პირველ რიგში იმას უსვამენ ხაზს, რომ კომპანიის შემოსავლებთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატების მიერ დასახელებული თანხები სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ეს “ფანტასტიკის სფეროდანაა და რეალურ მონაცემებთან ახლოსაც კი არაა”.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე ამბობს, რომ დეპუტატები ან საქმეში ჩაუხედავები არიან, ან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობენ.

თუმცა ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენია მათი წლიური შემოსავალი რეალურად, ტაბიძე ვერ გვპასუხობს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი “ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დასახელებული თანხები”.

“არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი იმ ხარჯებზე, რომელსაც “სითი-პარკი” სწევს. უნდა ვიცოდეთ, რომ თბილისის ბიუჯეტში შემოსავლების დიდი ნაწილი “სითი-პარკს” შეაქვს და დარჩენილი თანხისგან გადასახადებს, ხელფასებს და ბევრ ხარჯს იხდის. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ რჩება მას მოგება,” – აცხადებს იგი.

გარდა შემოსავლების ოდენობისა, მისივე თქმით, მოსახლეობას კომპანიის ვალდებულებებზეც ხშირად არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ანუ, ტაბიძე ამბობს, რომ ტყუილია თითქოს “სითი-პარკს” მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები უნდა აეშენებინა. ამბობს, რომ კომპანიას ამის ვალდებულება არ აქვს და მისი მთავარი მოვალეობა პარკირების ოპერირებაა. ეს კი, მისი თქმით, ძალიან ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული – “ხელფასებიდან დაწყებული, სხვადასხვა ხარჯებით დამთავრებული,” – ამბობს ტაბიძე.

კონტრაქტის გაწყვეტას რაც შეეხება, ტაბიძის განცხადებით, თავად მერიის მიერ დაქირავებული კომპანიის “ერნსტ ენდ იანგის” აუდიტორული დასკვნაც ადასტურებს, რომ “სითი-პარკი” მასზე დაკისრებულ ყველანაირ მოვალეობას პირნათლად ასრულებს და შესაბამისად, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

იმ შემთხვევაში კი, თუ მერია ამას ცალმხრივად მაინც მოინდომებს, ტაბიძის განმარტებით, მთავარი არა 25 მილიონის შოვნა, არამედ სასამართლო დავა იქნება. ამბობს, რომ მან არც იცის, თუ საიდან მოიტანეს საკრებულოს დეპუტატებმა, თითქოს მერიას ჯარიმის სახით 25 მილიონის გადახდა მოუწევს და დასძენს, რომ პროცედურები ბევრად უფრო რთული იქნება. კონტრაქტის პირობების მიხედვით, მისი თქმით, საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში გადავა.

“არ მგონია, საქმე ასე განვითარდეს და ხელშეკრულება შეწყდეს, რადგან კომპანია დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს. საიდან მოვიდა ეს 25 მილიონი, არ ვიცი. ასე ცალსახად არ წერია, რომ თუ კონტრაქტი ცალმხრივად, უაპელაციოდ დაირღვევა, გადასახდელი 25 მილიონი იქნება. ალბათ ამ ინიციატივის ავტორებს უნდა ჰკითხოთ, თუ საიდან მოიტანეს ეს ციფრი,” – აცხადებს იგი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა კონკრეტული საჯარიმო ღონისძიებებია გათვალისწინებული კონტრაქტში, ტაბიძე გვპასუხობს, რომ იქ კონკრეტული კალკულაციებია გაწერილი, რომლითაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მიღებული ზიანი ითვლება. ჯარიმის ოდენობა კი წლების მიხედვით იზრდება. შესაბამისად, ზუსტ პასუხს გადასახდელ ჯარიმასთან დაკავშირებით ვერ გვაძლევს.

იგი ასევე ვერ გვეუბნება, თუ რა შეთავაზებები ჰქონდა მერიას კომპანიასთან შეხვედრების დროს. ამბობს, რომ მერიასთან ხშირი კომუნიკაცია აქვთ და “სხვადასხვა შეხვედრის დროს სხვადასხვა წინადადებების განხილვა მიმდინარეობს”.

“უგულავას ვაგინოთ?”

ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა დავით ზურაბიშვილმა “მთელ კვირასთან” საუბრისას ახსნა, თუ საიდან მიიღეს 25 მილიონი ლარი, რომელიც მერიას ექნება გადასახდელი. მისი თქმით, “სითი-პარკი” ინფრმაციას იმის შესახებ, თუ რამდენია მისი წლიური შემოსავალი, აქედან რამდენი შეაქვს ბიუეტში და ა.შ. არ იძლევა. აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის მოთხოვნით კომპანიას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ამიტომ, დეპუტატის თქმით, მათ მერიისგან გამოითხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხას ურიცხავს კომპანია მას ყოველწლიურად. შემდეგ მერიასა და “სითი-პარკს” შორის გაფორმებული კონტრაქტი ნახეს, სადაც წერია, თუ რამდენი პროცენტი ერიცხება მერიას კომპანიის ყოველწლიური შემოსავლებიდან და რამდენი რჩება თავად.

“მერიისაგან მიღებული ციფრი ამ პროცენტებს შევუსაბამეთ და ჩვენი დაანგარიშებით დაახლოებით ის ციფრები მივიღეთ, რაც გვაქვს. შეიძლება ეს თანხა ცოტა მეტი იყოს, ან ცოტა ნაკლები, მაგრამ დაახლოებით 25 მილიონია გადასახდელი. თუ ვცდებით და “სითი-პარკი” მართალია, მაშინ თავად წარმოგვიდგინოს ციფრები, რატომ გვიმალავს?” – აცხადებს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება “სითი-პარკის” წარმომადგენლის ნათქვამს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების დასარღვევად საკმაოდ ხანრგრძლივი პროცედურებია გასავლელი, მათ შორის დავა არბიტრაჟში, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს სიმართლე არაა და რომ კონტრაქტის გაწყვეტა ყველას შეუძლია. დავა კი, მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუკი მერია კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უჩივლებს.

“რა მნიშველობა აქვს საფუძველი არსებობს თუ არა? მერია კონტრაქტის მხარეა, ადგება და გაწყვეტს. რა თქმა უნდა, ასრულებენ კონტრაქტით გაწერილ ვალდებულებებს, მაგრამ თავად კონტრაქტი დედაქალაქისთვის და მერიისთვის საზიანოდაა დადებული.

“სითი-პარკს” შეუძლია საერთოდ არაფერი აკეთოს, არანაირი ინვესტიცია არ განახორციელოს, არც ავტოსადგომი ააშენოს, არც პარკირების ტერიტორიაზე იზრუნოს. მხოლოდ საღებავით ერთი-ორი ადგილი დახაზოს, ევაკუატორით მანქანა გადაიყვანოს და ჯარიმიდან თანხები ამოიღოს – მათი საქმე სულ ესაა.

“ყოველწლიურად ამხელა თანხები შესდით და ამ დროს პარკირების სისტემის მოწესრიგება მერიას თავის თავზე აქვს აღებული. თუ კომპანიას ასეთ მომგებიან სფეროს ვაბარებთ, რა თქმა უნდა, ის ვალდებული უნდა იყოს, რომ დედაქალაქისათვის გარკვეული ინვესტიციები განახორციელოს.

“მერიას მცდელობა ჰქონდა, რომ გარკვეული ინვესტირების ვალდებულება “სითი-პარკისთვის” დაეკისრებინა, მაგრამ კომპანია ამაზე არ მოდის და კიდევ 9 წელი მისთვის ხელსაყრელი კონტრაქტით უნდა რომ იყოს. ამის გაგრძელება, ჩემი აზრით, აბსურდია,” – ამბობს დეპუტატი.

იგი არც ნარმანიას მიერ მოძებნილ გამოსავალს ეთანხმება იმის შესახებ, რომ პასუხი იმათ უნდა მოვთხოვოთ, ვინც ხელშეკრულება გააფორმა. ამბობს, რომ ამის გამკეთებელი უკვე ციხეში ზის და წარსულში ქექვა უშედეგო იქნება.

“იმან ცუდი თუ დადო, ჩვენ გავაუქმოთ და კარგი დავდოთ. უგულავას და წინა ხელისუფლებას რა მოვთხოვოთ, ვაგინოთ? საქმეა გასაკეთებელი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემას პოლიტიკური დატვირთვა შევძინოთ. ეს ყველას ინტერესებში შედის, შედეგი გვინდა და არა ჩხუბი. იმედი გვაქვს, უმრავლესობის წარმომადგენლებიც მხარს დაგვიჭერენ. როცა ბიუჯეტის განხილვა დაიწყება, ამ საკითხს აუცილებლად დავსვამთ. კომისიაზეც, წინასწარი განხილვების დროსაც და სხდომაზეც,” – აცხადებს ზურაბიშვილი.

საუბრის დასასრულს იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან 25 მილიონის გამონთავისუფლება თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ამ პრობლემის მოგვარება უმტკივნეულოდ შეიძლება და რომ ამისთვის მხოლოდ პოლიტიკურ ნებაა საჭირო.

გადავუხადოთ, თუ არ გადავუხადოთ

როგორც აღმოჩნდა, ზურაბიშვილს საკრებულოს დეპუტატების სრული მხარდაჭერის იმედი ტყუილად აქვს, რადგან “გაერთიანებული დემოკრატები” კოლეგების იდეის განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგები არიან. პარტიის წევრი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ კომპანიასთან ასეთ ხელშეკრულების გაფორმებაზე დიდი “სისულელე და დანაშაული” მისთვის ფულის გადახდა იქნება.

“მას იმდენი კანონდარღვევა აქვს, რომ ფული აქეთ აქვს მოსატანი. ნამდვილად არ გვაქვს მისთვის გადასახდელი თანხა და არ ვარ თანახმა, გადასახადების გადამხდელებს ფული მოვაკლოთ და მათ მივცეთ იმის გამო, რომ ვიღაცამ ხელშეკრულება არასწორად გააფორმა. ეს კომპანია თბილისელების ხარკია და მან დედაქალაქი უნდა დატოვოს. მის ნაცვლად კი ოპერირება გამჭვირვალედ სხვამ უნდა დაიწყოს,” – აცხადებს ოგბაიძე.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა დატოვოს “სითი-პარკმა” დედაქალაქი, ოგბაიძე გვპასუხობს, რომ ძალიან ბევრი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომელთა გამოყენებითაც კვალიფიციური იურისტები ამას შეძლებენ.

რაც შეეხება “სითი-პარკის” წარმოამდგენლების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ისინი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ და ეს თავად მერიის მიედ დაქირავებულმა აუდიტორულმა კომპანიამაც დაადასტურა, ამას ოგბაიძე შემდეგნაირად პასუხობს:

“რადგან ეგენი იტყვიან… მერიის მიერ იმ კომპანიის დაქირავებაც დიდი შეცდომა იყო. საქართველოში მრავლად არიან კვალიფიციური იურისტები, რომლებმაც “სითი-პარკის” საქმიანობასა და მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ძალიან დიდი და სამართლებრივი დარღვევები აღმოაჩინეს. არ ვიცი, როდის გამოაცხადა მერიამ ტენდერი აუდიტორული კომპანიის მოსაძიებლად. მიმაჩნია, რომ ამ კომპანიისათვის გადახდილი თანხაც ჰაერშია გასროლილი. იმ აუდიტის დასკვნა “სითი-პარკის” “გაპრავებას” უფრო ჰგავდა, ვიდრე კანონდარღვევების აღმოჩენას,” – აცხადებს დეპუტატი.

აქვე იმასაც ამბობს, რომ ის და მისი პარტია “სითი-პარკის” “გაძევებასთან” დაკავშირებით უკვე მუშაობენ და ამიტომ მიზნის მიღწევას მაინც შეძლებენ. სამუშაო გეგმას, მის თქმით, უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ.

“ესაა სადასამსჯელო ორგანიზაცია, რომლის მთელი ინვესტიციაც ორი სათლი საღებავი და სამი ფუნჯი იყო. მეტი თანხა მათ საქმეში არ ჩაუდიათ. ხელშეკრულებაში არანაირი ვალდებულება არ აქვთ მიწისქვეშა ან მიწისზედა პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით. ამ დროს კი ყველაზე ძვირფასი – დედაქალაქის ბიუჯეტის შევსების წყარო გადასცეს, ანუ პარკირების მოსაკრებლის ამოღება და ისინი ამას საკუთარი ჯიბისათვის არაჩვეულებრივად ასრულებენ,” – აცხადებს შალვა ოგბაიძე.

გაზეთი რეზონანსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები