ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჯენეტ ფონტეინი პირველად 76 წლის ასაკში დაქორწინდა და Business Insider-ს მოუყვა, თუ როგორი იყო მისი სიყვარულის ისტორია და ურთიერთობა ამ ასაკში.
ჯენეტის თქმით, ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან კარიერასა და თვითგანვითარებას დაუთმო. მას ურთიერთობები ჰქონდა, თუმცა ქორწინებამდე არცერთი არ მისულა.
ქალმა მხოლოდ 73 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ დრო იყო ქმარი ეპოვა და მეგობარს სთხოვა, გაცნობის აპლიკაციაში დაერეგისტრირებინა.
ინტერნეტში, 2021 წლის თებერვალში, ჯენეტმა თავისი მომავალი სიყვარული – 78 წლის კლიფი გაიცნო. მათი პირველი შეხვედრა ვენახში შედგა.
„ის ნამდვილი ჯენტლმენი იყო,“ – იხსენებს ჯენეტი.
ამის შემდეგ ისინი ხშირად საუბრობდნენ ტელეფონით და ერთმანეთსაც ხშირად სტუმრობდნენ.
2023 წლის დეკემბერში კლიფმა ჯენეტს ნიშნობის ბეჭდების შეძენა შესთავაზა. ხუმრობით აღნიშნა, რომ კლასიკური შეთავაზება მუხლებზე დამდგარმა ვერ გაუკეთა, რადგან ასაკი არ აძლევდა საშუალებას. ჯენეტისთვის კი ეს სულაც არ იყო საჭირო.
2025 წლის აპრილში წყვილმა იქორწინა.
„ქორწინება ასაკში – ეს შეგახსენებს, რამდენად სწრაფად გადის ცხოვრება,“ – აღნიშნა ჯენეტმა.
ქალმა დაამატა, რომ მათი რამდენიმე ახლობელი, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო მათ ქორწილს.