ინგლისის მეცხრე დივიზიონი – შემთხვევა, როდესაც გუნდი სპონსორს ეძებს ინსტაგრამზე. 2016-ის ზაფხულში “არლსი თაუნმა” ფრაზა დააგდო “აქ შეიძლება თქვენი ლოგო იყოს” (მაისურზე) და სულ რაღაც 10 მოწონება მიიღო.
არლსი მიყრუებული სოფელი არ გეგონოთ, სულ რაღაც ნახევარი საათის სავალია ლონდონამდე. 6 წლის წინ გუნდი ინგლისის თასზე “ქოვენთრის” ეთამაშებოდა, მაგრამ მალე ჩაფლავდა და ჯერ მერვე, შემდეგ კი მეცხრე დივიზიონში აღმოჩნდა. ფული აღარ იყო არც მოთამაშეებზე და არც სამწვრთნელო შტაბზე.
მწვრთნელის არჩევანი არ ყოფილა, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელებმა დაურეკეს ნატაშა ორჩარდ-სმიტს – წმინდა ინგლისური ფესვების მქონე ქალს, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა ფეხბურთში.
ვინ არის ის?
ნატაშა “ტოტენჰემ ლედისის” მეკარე იყო, შემდეგ კი 10 წელზე მეტი მწვრთნელად მუშაობდა. მისი ბიჭი ფეხბურთმა გაიტაცა და დედაც შვილის ბავშვთა გუნდს ავარჯიშებდა. მერე ბიჭმა ფეხბურთზე უარი თქვა და პოპ-ჯგუფი დაარსა (ერთობ პოპულარული).
ამის შემდეგ ნატაშა “არსენალმა” მიიწვია და U-10 გოგონათა გუნდი ჩააბარა. აქ ლედიმ 14 თვე იმუშავა და უნდა გაეგრძელებინა კიდეც, მაგრამ “არლსი თაუნი” გამოჩნდა.
ნატაშა პირველი ქალი აღმოჩნდა, რომელიც ინგლისში მამაკაცების კლუბს ჩაუდგა სათავეში. “არლსიში” მიაჩნიათ, რომ სხვებს მიბაძვის საშუალება მისცეს.
გუნდი ახლა მეექვსე ადგილზეა, ნატაშასთან ერთად გუნდმა 22 მატჩში 38 ქულა დააგროვა. პირველ ადგილამდე 12 ქულაა. ესეც კარგი შედეგია, გუნდისთვის, რომელსაც ფულის ამბავში ჯერ კიდევ უჭირს, თანაც გასულ სეზონში გუნდმა მხოლოდ 14 ქულა მოაგროვა და მერვე ლიგაში ბოლო ადგილზე გავიდა. წააგო 34 მატჩი 42-დან და მთელ სეზონში 123 გოლი გაუშვა.
“არლსის” ფეხბურთელები მთელი კვირა ვარჯიშობენ – ფეხბურთი მათთვის დამატებითი შემოსავალია. ზოგჯერ შემადგენლობა პროფეიონალებით ძლიერდება. მაგალითად, ამასწინ გუნდმა იჯარით აიყვანა მოლდოვას ახალგაზრდული ნაკრების წევრი.
ნატაშას აქვს ტვიტერი 8 ათასი გამომწერით – არ არის ურიგო პროვინციული ქალაქისთვის.
სხვა ქვეყნებში ქალები ავარჯიშებდნენ კაცებს?
ორჩარდ-სმიტი პირველი გახდა ინგლისში, მაგრამ არა დიდ ბრიტანეთში. ყველაფერი დაიწყო შოტლანდიელი შელი კერიდან. 2014-ში მან სტერლინგის უნივერსიტეტის კაცების გუნდი ჩაიბარა, რომელიც ლოულენდის რანგით მეხუთე ლიგაში გამოდიოდა. ესეც ნახევრადპროფესიული დონეა.
ქალი-მთავარი მწვრთნელი ჯერც იშვიათობაა ბრიტანეთს მიღმაც. 2012-ში ფეხბურთმა გაიცნო 24 წლის ხორვატი ტიმჩანა ნემჩიჩი. სანამ ის მე-6 ლიგის გუნდ “ვიკტორია ვაკოვაცში” მივიდოდა, მან მოიგო კონკურსი “მის სპორტ ხორვატია”. ტოპ-მოდელის შემთხვევა უფრო პიარს გავს, მაგრამ გოგონას სამწვრთნელო ლიცენზია ქონდა.
ამასთან, ხორვატიის ნაკრებმა პირველმა შეიყვანა ქალი სამწვრთნელო შტაბში მსოფლიო ჩემპიონატზე. გუნდის მენეჯერი ივა ოლივარი მუნდიალი 2018-ის მატჩებს სათადარიგო სკამიდან უყურებდა. ნაკრებში ივა პასუხისმგებელია ლოჯისტიკასა და ფიფასთან, უეფასთან და სხვა ასოციაციებთან ურთიერთობაზე.
კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევაა გერმანიაში. “კლოპენბურგის” მთავარი მწვრთნელია 30 წლის იმკე ვიუბენხორსტი. მისი გუნდი გერმანიის მეხუთე დივიზიონში გამოდის, ქვემო საქსონიის ობერლიგაში და ამჟამად ბოლო ადგილზეა.
თავად გოგონა “კლოპენბურგის” ქალთა გუნდში თამაშობდა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო. კაცების “კლოპენბურგის” მწვრთნელი კი დეკემბერში გახდა.
ამასწინ მას კითხეს, ფეხბურთელები მის გასახდელში მისვლამდე იცვამდნენ თუ არა და ქალმაც საინტერესო პასუხი გასცა:
“რა თქმა უნდა, არა. მე პროფესიონალი ვარ. შემადგენლობას პენისის ზომის მიხედვით ვარჩევ”, – განაცხადა ვიუბენხორსტმა Welt-თან ინტერვიუში.