სამსახურში გვიან მისვლა შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პრობლემაა ზედმეტად ადრე მისვლაც. ეს გაკვეთილი ერთმა ესპანელმა ქალმა რთული გამოცდილებით მიიღო – მან სამსახური სწორედ ზედმეტი პუნქტუალურობის გამო დაკარგა.
ალიკანტეში მდებარე ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში მომუშავე ახალგაზრდა ქალი სამსახურში როგორც წესი, 06:45-დან 07:00 საათამდე მიდიოდა, მაშინ როცა მისი შრომითი ხელშეკრულება მკაფიოდ მიუთითებდა, რომ სამუშაო დღე 07:30 საათზე უნდა დაეწყო. ეს ნიშნავდა, რომ ის თანამშრომლებზე ბევრად ადრე იწყებდა მუშაობას, რაც მისი ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას იწვევდა. 2023 წელს ქალი ამის გამო პირველად გააფრთხილეს, თუმცა შენიშვნებს მან ყურადღება არ მიაქცია და ჩვეულ რიტმში განაგრძო ცხოვრება.
მიმდინარე წლის დასაწყისში დამსაქმებელმა გადაწყვიტა, რომ ქალი „სერიოზული დანაშაულისთვის“ გაეთავისუფლებინა, არგუმენტით, რომ ზედმეტად ადრე მისვლისას თანამშრომელს კომპანიის საქმიანობაში წვლილი არ შეჰქონდა. თუმცა, ქალი ასე არ ფიქრობდა და გადაწყვეტილება ალიკანტეს სოციალური სასამართლოს გზით გაასაჩივრა.
მისდა გასაკვირად, სასამართლომ დამსაქმებლის მხარე დაიჭირა და განაცხადა, რომ ხელმძღვანელობის გაფრთხილებების სისტემატური იგნორირება უარყოფითად მოქმედებდა თანამშრომელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობაზე.
მორალი? ეცადეთ, სამსახურში არ დააგვიანოთ და არც ზედმეტად ადრე მიხვიდეთ – ყველაფერს მაინც დროულად მისვლა სჯობს!