ლონდონელი ქალი კატაზე დაქორწინდა, რათა მას არ დაშორებოდა. საქმე ისაა, ბინის მეპატრონეებს სახლში ცხოველების გაჩერება არ სურთ და ბინებს ძირითადად ამ პირობით აქირავებენ. უჩვეულო ისტორია გამოცემა Daily Star-მა გაავრცელა.
49 წლის დებორა ჰოჯმა განაცხადა, რომ ბინის მეპატრონეები შინაური ცხოველების წინააღმდეგი არიან და ამ მიზეზით მას უკვე მოუწია სახლის დაცლა. იმისათვის, რომ მსგავსი სიტუაცია მომავალშიც არ განმეორდეს, დებორამ გადაწყვიტა საყვარელ 5 წლის კატაზე, სახელად ინდიაზე დაქორწინებულიყო.
ქალმა ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პარკში ქორწილიც გადაიხადა. ჰოჯმა ელეგანტური სმოკინგი ჩაიცვა, ხოლო ინდიას ჰალსტუხი-პეპელა ამშვენებდა. ცერემონიას ქალის მეგობარი უძღვებოდა.
ქორწილს პატარძლის სხვა მეგობრებიც ესწრებოდნენ. როგორც ინგლისელმა განაცხადა, უმრავლესობამ მისი გადაწყვეტილება ვერ გაიგო, თუმცა დღე მაინც ძალიან სასიამოვნოდ გაატარა. რაც შეეხებათ დებორას შვილებს, მათ ამჯობინეს არ გამოჩენილიყვნენ, რადგან თვლიან, რომ დედა გაგიჟდა.
დებორა თავისი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ ქორწინების შემდეგ კატასთან დაშორებას მას ვეღარავინ აიძულებს.